აშშ

ლოიდ ოსტინი შარდის ბუშტის პრობლემის გამო კვლავ ჰოსპიტალიზებულია

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია. ის საავადმყოფოში 11 თებერვალს გადაიყვანეს, რათა მოეგვარებინათ შარდის ბუშტზე არსებული პრობლემა. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა გასულ კვირებში პროსტატის სიმსივნის ოპერაცია ჩაიტარა და გამოჯანმრთელების პროცესშია.

ჰოსპიტალიზებულმა ოსტინმა საკუთარი ძალაუფლება დროებით საკუთარ მოადგილეს, კეთლინ ჰიქსს ჩააბარა.

ექიმების თქმით, შარდის ბუშტის პრობლემა ლოიდ ოსტინის სრულ გამოჯანმრთელებას ხელს არ შეუშლის.

ჰოსპიტალიზაციის შესახებ თავიდანვე შეატყობინეს თეთრ სახლსა და კონგრესს. ლოიდ ოსტინი 13 თებერვალს ბრიუსელში უკრაინის საკითხების ჯგუფთან სხდომას, შემდეგ კი NATO-ს თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას გეგმავდა.

ლოიდ ოსტინს პროსტატის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ბოლოს, 22 დეკემბერს დაუდგინეს. 1-ელ იანვარს, მწვავე ტკივილების ფონზე, ის უოლტერ რიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და უმკურნალეს. აშშ-ს თავდაცვის მინისტრი 15 იანვრამდე ჰოსპიტალიზებული იყო. ის პენტაგონში 29 იანვარს დაბრუნდა.

ოსტინმა დიაგნოზი არ შეატყობინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, არც კონგრესს და არც საკუთარ მოადგილეს. მათ თავდაცვის მდივნის ჯანმრთელობის პრობლემები მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გაიგეს. ეს საკითხი პენტაგონში გამოძიებისა და გადახედვის საგნად იქცა. შემდეგ ოსტინმა აღნიშნა, რომ საკუთარი თანამშრომლებისთვის არ დაუვალებია, ჰოსპიტალიზაციის ამბავი საიდუმლოდ დაეტოვებინათ.

კომენტარები