რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024

ცნობილია საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ "იბრძოლებენ"

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები ნიკოლაი ხარიტონოვი, ლეონიდ სლუცკი, ვლადისლავ დავანკოვი
Befunky

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთაც რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს.

მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას კიდევ სამი კანდიდატი მიიღებს. 

პუტინის წინააღმდეგ "იბრძოლებენ": ნიკოლაი ხარიტონოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან (КПРФ), ლეონიდ სლუცკი რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიიდან (ЛДПР) და ვლადისლავ დავანკოვი პარტიიდან Новые люди

ხარიტონოვი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. პარტია თავს ოპოზიციურად წარმოაჩენს, თუმცა რეალურად ხელისუფლების მიერ მართული ძალაა, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებზე მოქმედ ხელისუფლებას პარლამენტში მხარს უჭერს.

კიდევ ერთი პუტინის მარიონეტი პარტიაა ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ დაარსებული ЛДПР, რომლის ამჟამინდელი ლიდერი სლუცკი მხარს უჭერს უკრაინაში ომს და ერთი-ერთში იმეორებს კრემლის ნარატივს საგარეო საკითხებზე.

Новые люди 2020 წელს დაფუძნებული პარტიაა, რომელიც ასევე მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომს. მისი ლიდერი დავანკოვი ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სანქცირებულია.

რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ერთადერთ რეალურად ოპოზიციონერ კანდიდატს, ბორის ნადეჟდინს, რომელიც პუტინის ხელისუფლებას და უკრაინაში ომს აკრიტიკებდა. ცესკომ ნადეჟდინის შტაბის მიერ შეგროვებული ხელმოწერებიდან 15% დაიწუნა, კანონმდებლობით ხელმოწერების მხოლოდ 5%-ის ბათილად ცნობაა დაშვებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

კომენტარები