სომხური ეკლესია

Armenian community: კარმირ ავეტარან მალე მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება

სომხური სათვისტომო საქართველოში

ოდესღაც თბილისის ყველაზე მაღალი ეკლესია, შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ, ან კარმირ ავეტარან, სულ მალე საერთოდ მიუვალი და შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდება, რაც იმის შიშს ბადებს, რომ აღარავინ აპირებს ამ ეკლესიის აღდგენასა და პატრონისთვის დაბრუნებას, სანამ ეს დიდებული ეკლესია საბოლოოდ არ დაინგრევა - ინფორმაციას კულტურული ძეგლის მდგომარეობის შესახებ ორგანიზაცია სომეხთა სათვისტომო საქართველოში ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ბოლოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე დამონტაჟდა ბანერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია იყიდება. მათივე თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეკლესია სრულად მიუვალი აღმოჩნდება.

"2016 წელს, ეკლესიის აღმოსავლური კედლიდან სულ რაღაც 5 მეტრში, დაიწყო მაღალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, თუმცა ამ აღშფოთებას შედეგი არ მოყვა. სასტუმრო საბოლოოდ აშენდა, რამაც ეკლესიის საფუძვლის დაზიანების გარდა, ვიზუალურადაც ნაკლებად შესამჩნევი გახადა ეკლესიის შემორჩენილი კედელი და უკარგავს ძეგლს მის არქიტექტურულ ღირებულებას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ერთ-ერთი საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, მორწმუნეთა ჯგუფი ავლაბრის ეჩმიაძინის ეკლესიიდან მშვიდობიანი მსვლელობით მიემართა კარმირ ავეტარანის ეკლესიისკენ, სადაც ტაძრის კედელთან სანთლები დაანთეს და ილოცეს. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ეს კედელიც მიუვალია: ერთი მხრიდან სასუტუმროს დაცვის ჯიხურია დამონტაჟებული, მეორე მხრიდან, სავარაუდოდ იგივე სასტუმროს, შლაგბაუმიანი პარკინგია, ხოლო ეკლესიის კედლის გასწვრივ დარგული ნაძვები - უკვე საკმაოდ წამოიზარდნენ, როგორც სიმაღლეში, ასევე სიგანეშიც.

გარდა ამისა, 2023 წლის მიწურულს, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე დამონტაჟდა ბანერი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია იყიდება, რაც იმაზე გვაფიქრებს, რომ უახლოეს მომავალში ეკლესია სრულად მიუვალი აღმოჩნდება.

მოვუწოდებთ ყველას, თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში დროულად მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს, სანამ ძალიან გვიანი არ არის...

ვიმედოვნებთ, რომ ევროპისკენ მიმავალი საქართველოს მთავრობა მართებულ დამოკიდებულებას გამოიჩენს ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებთან მიმართებაში" - წერს ორგანიზაცია სომხური სათვისტომო საქართველოში.

კომენტარები