შალვა პაპუაშვილი

"არა ფობიას!" პაპუაშვილზე: აღვივებს შეუწყნარებლობასა და სიძულვილს უფლებადამცველების მიმართ

საქართველოს პარლამენტი

სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას! SOVLAB-თან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. პლატფორმის წევრი ორგანიზაციების თქმით, ქართულმა ოცნებამ 2024 წლის არჩევნებისთვის მთავარ სტრატეგიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიით მანიპულირება და ანტიდასავლური რიტორიკა აირჩია.

"მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული ანტიკონსტიტუციური განცხადებებით  არღვევს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს, უხეშად ერევა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ცენტრის ავტონომიაში, აღვივებს შეუწყნარებლობასა და სიძულვილს უფლებადამცველების მიმართ, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიული განვითარების პროცესს.

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის განვითარებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ცენტრს, ბექა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაში. სწორედ ტოლერანტობის ცენტრის კოორდინაციით ფუნქციონირებს ორი უნიკალური პლატფორმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები. რელიგიათა საბჭოს, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის თანასწორუფლებიანი და უსაფრთხო სივრცეა, გამორჩეული წვლილი შეაქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ხელისუფლების ქმედებები მიანიშნებს, რომ ის სწორედ ამგვარ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ სივრცეს ებრძვის.

ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა და პოლიტიკა ცხადყოფს, რომ  მისი პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ რელიგიურ ორგანიზაციებზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დისკრიმინაციის გაღრმავებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 2014 წელს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო”. ხელისუფლება ცდილობს, მიიღოს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ავტორიტარული კანონები. ამას მოწმობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებაც, სადაც მან “რელიგიური შენობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის” სანქციების დაწესების საკანონმდებლო გეგმებზე ისაუბრა.

ცინიკურია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაზე საუბარიც, მაშინ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო მოსმენა-თვალთვალის ათიათასობით ფაილით დასტურდება, თუ რა მასშტაბით ერევა ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების დაცვაა და მისი რიტორიკა მხოლოდ პოპულისტურ ელექტორალურ მიზნებს ემსახურება.

სამოქალაქო პლატფორმისთვის "არა-ფობიას!" აბსოლუტურად მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, პოლიტიკური მიზნებისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მანიპულირება და ე.წ. რუსული კანონის თემის ხელახალი აქტუალიზაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის კამპანია, მიზანმიმართული ანტიდასავლური პოლიტიკა, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოებისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევა და ავტორიტარული, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების  მცდელობა". - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის წევრი ორგანიზაციები არიან: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საფარი, თანასწორობის მოძრაობა, უფლებები საქართველო, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისი პრაიდი და სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს "ქართული ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი" უწოდა და ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

მინდიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ პაპუაშვილი თავისი განცხადებით უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური მანიპულირების სურვილს გამოხატავს.

20 იანვარს პაპუაშვილი მინდიაშვილს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა. 

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, მართლმადიდებელი მრევლი შევიწროების ობიექტად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა (SOVLAB) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, მიერ იქცა.

კომენტარები