2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

აშშ-ს საპრეზიდენტო რბოლას ტრამპის კრიტიკოსი კანდიდატი კრის კრისტი გამოეთიშა

აშშ-ს ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრის კრისტი

აშშ-ს ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ 10 იანვარს განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კამპანიას წყვეტს.

"ამ ღამით ჩემთვის აშკარაა, რომ [რესპუბლიკური პარტიის] ნომინაციის მოგების გზა ჩემთვის არ არსებობს, რის გამოც დღეს აშშ-ს პრეზიდენტობისთვის წინასაარჩევნო კამპანიას ვწყვეტ". - განაცხადა კრისტიმ ნიუ ჰემფშირში გამოსვლისას.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს იგი ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი კრიტიკოსი იყო. კრისტი ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მისი მიზანი ტრამპის პრეზიდენტად არჩევისთვის ხელის შეშლა იყო. ოთხშაბათს გამოსვლისას კრისტიმ პირობა დადო, რომ იგი უზრუნველყოფს, "არასდროს მისცეს დონალდ ტრამპს საშუალება, აშშ-ს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდეს".

"ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პირადი ამბიცია". - დაამატა მან.

სანამ კრისტი კამპანიის შეწყვეტის შესახებ განაცხადებდა, მისი საუბარი პირდაპირ ეთერში მისგან გაუცნობიერებლად ისმოდა, რა დროსაც მან ყოფილ მეტოქე ნიკი ჰეილიზე განაცხადა, რომ "ის დაიწვება, ეს ორივემ ვიცით". ხოლო კანდიდატ რონ დესანტისზე თქვა, რომ "დესანტისმა დამირეკა, გაქვავებული იყო".

კრისტის განცხადებებს, რომლებიც მისგან გაუცნობიერებლად საჯაროდ ისმოდა, ტრამპი სოციალურ მედიაში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ჰეილიზე კრისტის კომენტარი "ძალიან ჭეშმარიტი განცხადება" იყო.

კრის კრისტიმ კამპანიის დასრულების გამოცხადებისას თავისი მხარდაჭერა არცერთ კანდიდატს გამოუცხადა.

გამოცემა Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის შედეგების მიხედვით, დეკემბრის დასაწყისში რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატებიდან პირველ ადგილზე ტრამპი იყო 61%-იანი რეიტინგით. მას გაეროში აშშ-ს ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი 11-11%-ით მოჰყვებოდნენ.

თუმცა, უკვე 9 იანვარს გამოქვეყნებული CNN/University of New Hampshire-ის კვლევით, ნიუ ჰემფშირში ტრამპს 39% ჰქონდა, ჰეილის კი 32%. ამავე კვლევაში კრის კრისტის მხარდაჭერა 12%-ს შეადგენდა, თუმცა მისი მხარდამჭერების 65%-ის მეორე არჩევანი ნიკი ჰეილი იყო. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კრის კრისტის გამოთიშვა, სავარაუდოდ, ნიკი ჰეილისადმი მხარდაჭერას გაზრდის.

ამერიკაში პირველი კოკუსი 15 იანვარს აიოვის შტატში გაიმართება, სადაც რესპუბლიკელები შიდაპარტიული არჩევნებით გამარჯვებულს გამოავლენენ. ამის შემდეგ დამატებით რამდენიმე კოკუსი და პრაიმერი გაიმართება, რომლებზეც წარმატებული შედეგის დადებით, კანდიდატები შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი.

კომენტარები