ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰააგის სასამართლოში საჩივრის განხილვა იწყება, რომელიც ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს

Arnaud Andrieu/Sipa/Rex/Shutterstock

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის საჩივრის განხილვა იწყება, რომელიც ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. 11 იანვარს ჰააგის სასამართლოში მოისმენენ არგუმენტებს იმის დასამტკიცებლად, რომ ისრაელი ღაზის ტერიტორიაზე გენოციდს ახორციელებს.

ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 84-გვერდიანი საჩივარი შეიტანა. სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები გაეროს სასამართლოს სთხოვენ, რომ იმოქმედონ მყისიერად, რათა გენოციდის კონვენციის ფარგლებში აირიდონ შემდგომი აუნაზღაურებელი ზიანი და პალესტინელი ხალხის უფლებების დარღვევები. 

"ისრაელის ქმედებები გენოციდური ხასიათისაა, რადგან მიზანი პალესტინელების ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის უდიდესი ნაწილის განადგურებაა" - წერია სამხრეთ აფრიკის საჩივარში. 

გენოციდის შესახემ სამართლებრივი შემთხვევები რთული დასამტკიცებელია და მსგავსი საქმეები წლების განმავლობაში არ სრულდება. ამის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკა ჰააგის სასამართლოსგან სწრაფ და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. 

ისრაელის წარმომადგენლებმა სამხრეთ აფრიკის საჩივარს სრულიად უსაფუძვლო უწოდეს და კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ისრაელი თავდაცვის უფლების ფარგლებში მოქმედებს. საქმის განხილვის დაწყებამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ისრაელი ჰამასს ებრძვის და არა პალესტინის მოსახლეობას და ისრაელი საერთაშორისო სამართლის დაცვით მოქმედებს. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ისინი ისრაელს მხარს უჭერენ თავდაცვის უფლების განხორციელებაში, თუმცა შიშობს, რომ ისრაელმა შესაძლოა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. 

კომენტარები