კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები

გამბიის ყოფილ შს მინისტრს კაცობრიობის წინაშე დანაშაულებისთვის შვეიცარიაში გაასამართლებენ

გამბიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ოუსმან სონკო
Qanet.gm

გამბიის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ოუსმან სონკოს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენის ბრალდებით შვეიცარიაში გაასამართლებენ. მას პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობა, წამება და გაუპატიურება ედება ბრალად, რაც შვეიცარიის კანონმდებლობის მიხედვით უნივერსალური მართლმსაჯულების სფეროში ექცევა. უნივერსალური იურისდიქციის ფარგლებში, სახელმწიფოს უფლება აქვს, დამნაშავე,  მისი მოქალაქეობისა და დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, საკუთარ ტერიტორიაზე დასაჯოს.

1996 წლიდან 2016 წლამდე გამბიას პრეზიდენტი იაჰია ჯამე მართავდა, რომლის მმართველობასაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებენ ბრალს. BBC-ის ინფორმაციით, სონკო, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა და უშიშროების სამსახურებსა და რეჟიმის დამცველ ნახევრადსამხედრო ჯგუფს მეთაურობდა.

იაჰია ჯამეს მიერ ძალაუფლების დაკარგვამდე მცირე ხნით ადრე, სონკო შვეიცარიაში ჩავიდა და თავშესაფარი ითხოვა. პარალელურად, სონკოს ადვოკატის მტკიცების საპირისპიროდ, NGO-ებმა შვეიცარიის სახელმწიფოს საბუთები წარუდგინეს, რომლებიც გამბიაში ჩადენილ დანაშაულებში მის თანამონაწილეობას ადასტურებდა. შემდეგ, შვეიცარიელი გამომძიებლები გამბიაში ჩავიდნენ და დაზარალებულები და მოწმეები გამოკითხეს, რომელთაგან ცხრა სასამართლოზე წარდგება.

ევროპაში უნივერსალური მართლმსაჯულების ფარგლებში დღემდე გასამართლებულ პირებს შორის, სონკოს ყველაზე მაღალი თანამდებობა უკავია. ეს ასევე მეორე შემთხვევაა, როცა შვეიცარია ადამიანს უნივერსალური იურისდიქციის პრინციპით ასამართლებს. პირველი ასეთი სასამართლო 2023 წლის ივნისში შედგა, როცა ლიბერიის მილიციის ლიდერს ალიუ კოსიას კანიბალიზმისთვის, მკვლელობისთვისა და გაუპატიურებისთვის 20 წელი მიუსაჯეს. 

უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპით ჯამეს რეჟიმის სხვა წევრებიც სამართლდებიან. 2023 წლის ოქტომბერში გერმანიამ რეჟიმის დამცველი ნახევრადსამხედრო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ბაი ლოუს ცხოვრების ბოლომდე პატიმრობა მიუსაჯა. 2024 წელს ამავე ჯგუფის სხვა წევრი კოლორადოს შტატის ერთ-ერთ სასამართლოს წინაშე წარსდგება. 

კომენტარები