შენგენის ზონა

მარტში რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდებიან

პოლიციის ოფიცრები ბულგარეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან
Nikolay Doychinov/AFP via Getty Images

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შაბათს, 30 დეკემბერს ბულგარეთთან და რუმინეთთან საჰაერო და საზღვაო შიდა საზღვრის კონტროლის მოხსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, ქვეყნები შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდებიან.

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, რუმინეთთან და ბულგარეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრებზე კონტროლი 31 მარტიდან მოიხსნება.

"საბჭომ შემდგომი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმების თარიღის დადგენის შესახებ". - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილებას "ბულგარეთისა და რუმინეთისთვის ისტორიული მომენტი" უწოდა.

"ეს ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია". - აღნიშნა ლაიენმა.

2007 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში შეყვანის განხილვები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი წლის წინ ზონაში ხორვატია შეიყვანეს. ამ ორი ქვეყნისთვის სასაზღვრო კონტროლის მოხსნის მთავარი მოწინააღმდეგე უკანონო მიგრაციის მიზეზით ავსტრია იყო.

გასულ კვირას შენგენის ზონაში შესვლაზე "პოლიტიკური შეთანხმების" შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუმინეთის პრემიერმა, მარსელ ჩიოლაკუმ და იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს სახმელეთო საზღვარზე კონტროლის მოსახსნელად გამართული მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

კომენტარები