ლიტერატურა

ვის და რას კითხულობენ ქართველები – 2023 წლის ბესტსელერები

წარმოგიდგენთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებსაც ქართველმა მკითხველმა მიმდინარე წელს უპირატესობა მიანიჭა. სტატია ეყრდნობა წიგნების მაღაზიათა ქსელ ბიბლუსის მონაცემებს.

10. ნათია ჯაგოდნიშვილი – გადამწვარი ხიდები

"გადამწვარი ხიდები" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!

9. კოლინ ჰუვერი – ყველაფერი მთავრდება ჩვენით

როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: მე ასე არ მოვიქცეოდი!

8. ადამ სილვერა – ბოლოს ორივე კვდება

სექტემბრის შუაღამით მატეო ტორესსა და რუფუს ემეტერიოს „სიკვდილის უწყება“ ურეკავს და ცუდ ამბავს ატყობინებს: ისინი დღეს მოკვდებია. მატეო და რუფუსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები არიან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ბოლო დღისთვის მეგობარს ეძებენ. კარგი ამბავი: საამისოდ ერთი აპლიკაცია არსებობს და მას „უკანასკნელი მეგობარი“ ჰქვია. მისის საშუალებით მატეო და რუფუსი სადაცაა ერთმანეთს შეხვდებიან და მთელი ცხოვრების ერთ დღეში მოსასწრებად უკანასკნელ, დიდ მოგზაურობას დაიწყებენ.

7. თინათინ ბერიძე – მეორე შანსი

სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება. როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა წლების განმავლობაში შურისძიებისთვის ემზადები, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხვერპლს?! 

6. ონჯალი რაუფი – ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე

ალექსას კლასში, ბოლო მერხთან, დიდხანს იდგა ცარიელი სკამი. ახლა იქ ახალი მოსწავლე, აჰმეტი ზის. ის ცხრა წლისაა (როგორც დანარჩენები), მაგრამ ძალიან უცნაური ბიჭია – არავის ელაპარაკება, არც იღიმება. მალე თანაკლასელები მასზე სიმართლეს იგებენ: აჰმეტი სულაც არ არის უცნაური. ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გამოექცა. მის ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ იყო, სახლებს ბომბებს უშენდნენ და აჰმეტის ოჯახიც იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი ათასობით კილომეტრის იქით, უცხო ქვეყანაში მოეძებნა.

5. ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი – იკიგაი

იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

4. თემურ ბაბლუანი – მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, "გამოვლენილი დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

3. ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი – პატარა პრინცი (ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით)

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

2. ნინო ხარატიშვილი – უკმარი სინათლე

პატარა ქვეყანა დიდი ქარტეხილების დროს და ქალების უპირობო მეგობრობა სიკვდილის პირისპირ: უკმარი სინათლე ეპიკური, დრამატული ელვარების რომანია, საქართველოსადმი, თბილისისა და მისი ხალხისადმი მიძღვნილი ოდა – მარადიული სიყვარულის ახსნა. „აგერ ვდგავართ, ტრიო, რომელიც გადარჩა, რომელმაც შეძლო აწმყოში გადახტომა, ჩვენ, გადარჩენილები, ყველა იმ ადამიანის მაგივრადაც ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ, ვისაც ბედმა სიცოცხლე არ არგუნა და ამ ფოტოებზე დარჩნენ მარად ჭაბუკებად.

1. დათო ტურაშვილი – ჯინსების თაობა

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ანოტაციები – Saba.com.ge, Sulakauri.ge

 

კომენტარები