მკვლელობა აშშ-ში

ფლორიდაში 14 წლის მოზარდმა საშობაო საჩუქრებზე დავის გამო საკუთარი და მოკლა

პინელასის ოლქის პოლიცია
Octavio Jones/Getty Images

ადგილობრივი პოლიციის თქმით, 23 წლის აბრიელ ბალდვინი მოზარდ ძმებს შორის საშობაო საჩუქრებზე დავის განმუხტვას ცდილობდა, როცა ერთ-ერთმა გულში ესროლა და მოკლა. ბალდვინს ამ დროს "კენგურუ" ჩანთაში თავისი 10 თვის ჩვილი ჰყავდა მოთავსებული. დედა საავადმყოფოში გარდაცვლილად გამოაცხადეს, ხოლო ბავშვი გადარჩა და არ დაშავებულა. 

ბალდვინის დაჭრის შემდეგ 14 წლის თავდამსხმელს საკუთარმა 15 წლის ძმამ მუცელში ესროლა. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 15 წლის თავდამსხმელმა იარაღი ეზოში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემდეგ, პოლიციამ ის ნათესავის სახლში დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, ოჯახთან ერთად საყიდლებზე წასული ძმები იმაზე დაობდნენ, საშობაოდ ვინ უფრო მეტი საჩუქარი მიიღო და ვისზე უფრო მეტი ფული იხარჯებოდა. ამ დროს მათმა ბიძამ და დამ სიტუაციის განმუხტვა სცადეს.

"მაგ ყველაფერს თავი უნდა დაანებოთ... ქრისტეს შობაა". - უთხრა ბალდვინმა ძმებს.

საპასუხოდ, 14 წლის მოზარდი ბალდვინს მისი და მისი ჩვილის მოკვლით დაემუქრა და ესროლა. პოლიციის თქმით, საუბრის აუდიო ჩანაწერი მეზობლის კამერის მეშვეობით მოიპოვეს. 

15 წლის მოზარდს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ფიზიკური სამხილის გაყალბება წარუდგება ბრალად, ხოლო 14 წლის ბიჭის შემთხვევაში, პროკურატურა განზრახ მკვლელობისთვის მის სრულწლოვანის მსგავსად გასამართლებას განიხილავს.

კომენტარები