ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთისთვის ბიჭვინთის იჯარით გადაცემა ოკუპირებულ აფხაზეთში შეიძლება 27 დეკემბერს დაამტკიცონ

ბიჭვინთა

ხვალ, 27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა შესაძლოა რუსეთისთვის ბიჭვინთის იჯარით გადაცემის კანონპროექტი დაამტკიცოს. აქამდე გავრცელებული იყო ცნობა, რომ ეს საკითხში, შესაძლოა, 28 დეკემბერს განეხილათ. 

საინიციატივო ჯგუფმა ҲараҲПицунда-მ ("ჩვენი ბიჭვინთა") გაავრცელა მოწოდება, რომ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართონ. "ბიჭვინთას შევინარჩუნებთ! სხვა შანსი არ გვექნება!", - ავრცელებს მოძრაობა მოწოდებას.

სავარაუდოდ, დემონსტრაციას ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. გასულ დღეებში ოპოზიციური მოძრაობები ერთობლივ განცხადებაში იმუქრებოდნენ, რომ მზად იყვნენ "გადამწყვეტი მოქმედებებისთვის", რათა ბიჭვინთა რუსეთს იჯარით არ გადაცემოდა.

ოპოზიციური მოძრაობები ითხოვდნენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ უკან გაიწვიოს ბიჭვინთის იჯარით გადაცემის, აპარტ-სასტუმროების სამართლებრივი სტატუსის რეგულირებისა და რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების შესახებ შეთანხმების კანონპროექტები, რომლებსაც "ანტიეროვნულს" უწოდებენ.

აქამდე მარიონეტები ამბობდნენ, რომ რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში შეცდომა იყო დაშვებული სახელმწიფო აგარაკისა და აკვატორიის კოორდინატებთან დაკავშირებით. ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიან თქვა, რომ რუსეთმა კოორდინატები შეცვალა და ახალი დოკუმენტი გამოგზავნა.


2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

კომენტარები