სერბეთი

სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ – დაკავებულია 38 ადამიანი და დაშავდა 8 პოლიციელი

სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები გასულ კვირას ჩატარებულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს აპროტესტებენ. ოპოზიციის მიხედვით, არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა და მათი მთავარი მოთხოვნა შედეგების გაუქმებაა. 

კვირას, 24 დეკემბერს ათასობით ადამიანი ბელგრადის ცენტრში შეიკრიბა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის შესასვლელის ფანჯრები შეამტვრიეს, ხოლო პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

მომხდარის შედეგად დაშავდა 8 პოლიციელი და დააკავეს აქციის 38 მონაწილე. სერბეთის პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის, ივან ივკოვიჩის თქმით, დაკავებულთა რიცხვი დიდი ალბათობით გაიზრდება.

"ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისა და წესრიგის შესანარჩუნებად მუშაობას. მოლოდინი გვაქვს, რომ წინა ღამის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება". – ამბობს ივკოვიჩი.

ოპოზიციური პარტიები პოლიციას გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ და სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიცია აქციის მონაწილეებს.

1 ნოემბერს ვუჩიჩმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. წინა არჩევნები სერბეთში 2022 წელს ჩატარდა. 17 დეკემბერს მმართველი პარტიის, სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) გამარჯვება გამოცხადდა. არჩევნების შედეგების მიხედვით, SNS-მა ხმების 46.62% მიიღო, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტია, სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ ხმების 23.56%-ით მეორე ადგილზე გავიდა

კომენტარები