რუსეთი-ირანი

ირანმა დაგმო რუსეთისა და არაბული ქვეყნების ერთობლივი განცხადება სადავო კუნძულების შესახებ

ნასერ ქანაანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა დაგმო არაბული ქვეყნებისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნახსენები იყო კუნძულები, რომელთა გარშემოც თეირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ტერიტორიული დავა აქვთ.

განცხადება არაბებისა და რუსეთის კოოპერაციის მე-6 ფორუმზე გაკეთდა.

ქანაანის თქმით, ირანი წამითაც არ შეყოყმანდება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად". მან სამ კუნძულს ირანის განუყოფელი ნაწილი უწოდა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ამ კუნძულებზე სუვერენიტეტის არსებობა განხილვის საგანი არაა.

"ვიმეორებთ რუსეთისა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების კოოპერაციის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის ერთობლივ განცხადებას, რომელიც ხაზს უსვამს სამი კუნძულის: დიდი თუმბის, პატარა თუმბისა და აბუ მუსას საკითხთან მიმართებაში ყველა მშვიდობიანი გზის მხარდაჭერას, მათ შორის ინიციატივებსა და მცდელობებს, მიღწეულ იქნას მშვიდობიანი გადაჭრის გზა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და გაეროს წესდების შესაბამისად, მათ შორის ორმხრივი მოლაპარაკებების, ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, თუ მხარეები ურთიერთთანხმობას გამოთქვამენ". – ნათქვამი იყო განცხადებაში.

როგორც ირანის სამთავრობო მედია წერს, ქანაანის სიტყვების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი რუსეთში ირანის ელჩს შეხვდა და უთხრა, რომ მოსკოვი პატივს სცემს მათ ტერიტორიულ მთლიანობას. ბოგდანოვის მტკიცებით, რუსეთი თავს არიდებს სხვა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებში ჩარევას.

აქამდე რუსეთი ამავე შინაარსის განცხადებას ამ წლის ივლისში შეუერთდა, რასაც, გავრცელებული ცნობებით, რუსეთის რუსეთის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახება მოჰყვა.

საუბარია სამ კუნძულზე, რომლებიც სპარსეთის ყურეში მდებარეობს. კუნძულები 1921-71 წლებში ბრიტანეთის კონტროლქვეშ იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ ეს ტერიტორია დატოვეს, ირანის ფლოტმა კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. ირანის ძალები ამ მიწებზე კვლავ არიან განლაგებული. სამოქალაქო მოსახლეობა სამიდან მხოლოდ ერთ კუნძულზე, აბუ მუსაზეა. თეირანი მიწებზე საკუთარი სუვერენიტეტის გავრცელების არგუმენტად ხაზს უსვამს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ოფიციალურ ფედერაციად ამ მოვლენიდან 2 დღის შემდეგ ჩამოყალიბდა. აბუ დაბი კუნძულებს ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს.

კომენტარები