ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გამოკითხვა: პალესტინელთა 72% ჰამასის თავდასხმას მხარს უჭერს

პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში. 2023 წლის 7 ივლისი
AP Photo/Majdi Mohammed

პოლიტიკისა და გამოკითხვების გამოკვლევის პალესტინურმა ცენტრმა (PCPSR) პალესტინელთა დამოკიდებულებებზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პალესტინელი მოსახლეობა ისრაელთან ომს მხარს უჭერს. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72%-მა თქვა, რომ 7 ოქტომბერს თავდასხმის გადაწყვეტილება სწორი იყო. PCPSR-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პალესტინელთა სრული უმრავლესობა ჰამასის ჩადენილ დანაშაულებს უჭერს მხარს. გამოკითხვის მიხედვით, პალესტინელი მოსახლეობის 85%-ს ჰამასის თავდასხმის ვიდეოკადრები ნანახი არ ჰქონდა. 80% თვლის, რომ საკუთარ სახლებში ბავშვებისა და ქალების დახოცვა ომის დანაშულია, მაგრამ მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ ჰამასმა თავდასხმისას ომის დანაშაულები ჩაიდინა. კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს პალესტინელთა არაინფორმირებულობაზე მიუთითებს. 

ღაზის სექტორისთვის და დასავლეთ სანაპიროსთვის კვლევის შედეგები სხვაგვარია. დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. სამი თვის განმავლობაში ჰამასის მხარდაჭერის დონე 12%-იდან 44%-მდე აიწია, პალესტინის ხელისუფლების კი, პირიქით, 26%-იდან 17%-მდე დაეცა. შედარებისთვის, ღაზაში მხოლოდ 38%-ს სურს, რომ ომის შემდეგ ჰამასი ხელისუფლებაში დარჩეს.

დასავლეთ სანაპიროზე არაინფორმირებულობის დონე გაცილებით უფრო მაღალია. გამოკითხულთა მხოლოდ 7%-მა თქვა, რომ ჰამასის თავდასხმის ვიდეოები ნანახი ჰქონდათ და 1% თვლის, რომ ჰამასმა ომის დანაშაულები ჩაიდინა, ღაზაში კი 25%-მა ვიდეოები ნახა და 16% ამბობს, რომ ჰამასმა დანაშაულები ჩაიდინა. 

ინტერვიუს ფარგლებში დასავლეთ სანაპიროზე 750 ზრდასრული ადამიანი პირისპირ გამოკითხეს, ღაზაში კი 481-ს ინტერვიუ ჩაუტარეს. გამოკითხვის ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 4%-ია.  

კომენტარები