პროკურატურა

მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურა / Facebook

სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, მოქალაქე ლაშა შარუხიამ მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

"ეს მოხდა ორი დღის წინ მცხეთის გამგეობის წინ. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მცხეთამ აღმართა დროშები. პროტესტის ნიშნად ამ ადამიანმა დროშა დაწვა, არავინ დაშავებულა. დროშა ღირდა 1 000 ლარი, შესაბამისად, ბრალად წარედგინა 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სასამართლოზე თავიდანვე გამოჩნდა მოსამართლის დამოკიდებულება, გამოჩნდა პროკურატურის დამოკიდებულება, რომ ისინი არ აპირებდნენ ამ ადამიანის გათავისუფლებას. ცინიკურად ამბობდნენ, კიდევ ერთი დროშა გვაქვს და შეიძლება, ის დაწვას ეხლაო. მოტივად გამოიყენეს, რომ  არ მომხდარიყო შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, რაზეც უთითებდა პროკურატურა. ამ მოტივით გამოყენებულ იქნა პატიმრობა" - თქვა ბრალდებულის ადვოკატმა.  

როგორც პროკურატურაში ტაბულას ეუბნებიან, შარუხიამ ადმინისტრაციული საკუთრება, ევროკავშირის დროშა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები