პანდა

გერმანიაში დაბადებული პირველი გიგანტური პანდები ჩინეთში გაგზავნეს

ბერლინის ზოოპარკში დაბადებული პანდის ბელები, მენგ სიანგი, მეტსახელად პიტი (მარჯვნივ) და მენგ იუანი, მეტსახელად პოლი (მარცხნივ) თავიანთ პირველ დაბადების დღეზე, 2020 წლის 31 აგვისტო
AP Photo/Michael Sohn, File

ბერლინის ზოოპარკმა გერმანიაში დაბადებული პირველი გიგანტური პანდები ჩინეთში გაგზავნა.

ორშაბათს, 18 დეკემბერს ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 წლის პიტი და პოლი, რომლების ჩინეთში გაგზავნაც COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო, ბერლინიდან შაბათს, 16 დეკემბერს Air China-ს თვითმფრინავით გაემგზავრნენ. მათივე ინფორმაციით, პანდები უკვე ჩენგტუში იმყოფებიან და 30 დღეს კარანტინში გაატარებენ.

"პიტმა და პოლმა ფრენას თავი კარგად გაართვეს... ბამბუკის სწორად შერჩევის შემთხვევაში, პანდები დამშვიდებულები არიან, ასე იყო ფრენის დროსაც". - თქვა ბერლინის ზოოპარკის ცხოველთა ჯანმრთელობის ხელმძღვანელმა, ანდრეას პოულიმ, რომელიც ძმებს ტრანსპორტირებისას ჩინეთში გაჰყვა.

ახალგაზრდა პანდები 2019 წლიდან ბერლინის ზოოპარკში მნახველების განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდნენ, თუმცა მათი ჩინეთში გაგზავნა ხელშეკრულებით თავიდანვე შეთანხმებული იყო.

ჩინეთი ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანას პანდის დიპლომატიის ფარგლებში ამ იშვიათ ცხოველებს ჩუქნიდა, თუმცა ახლა ის უცხო ქვეყნების ზოოპარკებს პანდებს კომერციული პირობებით დროებით უგზავნის.

პიტისა და პოლის მშობლებიც, ძიაო ცინგი და მენგ მენგი ბერლინში 2017 წელს ჩავიდნენ და გერმანიის დედაქალაქში კიდევ ცხრა წელი დარჩებიან, სანამ მათაც ჩინეთში დააბრუნებენ.

გიგანტური პანდები რთულად მრავლდებიან. ისინი მხოლოდ ჩინეთის ველურ ბუნებაში ცხოვრობენ. ამჟამად, აზიურ ქვეყანაში დაახლოებით 1 800 პანდა, კიდევ რამდენიმე ასეული კი სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკში ცხოვრობს.

კომენტარები