ევროკავშირი-უკრაინა

EU რიგგარეშე სამიტს გამართავს, სადაც უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს გადაცემაზე იმსჯელებს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
REUTERS/Johanna Geron

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი 1-ელ თებერვალს გამართავს რიგგარეშე სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გადაცემის საკითხზე იმსჯელებენ. 

ევროკავშირის ლიდერები გასულ კვირას შეთანხმდნენ უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა კიევისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემაზე უნგრეთის წინააღმდეგობის გამო.

როგორც Financial Times-ი წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავენ, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცონ. 

ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა გამოიყენოს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულება, რომელიც საშუალებას იძლევა წევრ ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ეს პროცესი შეიძლება დაბლოკოს ევროკავშირის ნებისმიერმა წევრმა ქვეყანამ, მაგრამ როგორც Financial Times-ი წერს, პოლონეთის ბოლო არჩევნების შემდეგ "უნგრეთს ევროკავშირში აღარ ჰყავს გარანტირებული მფარველი".

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ბუდაპეშტზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. როგორც FT წერს, ევროკავშირის 26 სხვა წევრ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, თუმცა "ამას დრო დასჭირდება და მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტა" იქნება. 

"შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა, უნგრეთმა გვაიძულოს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში". - წერს FT ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

კომენტარები