ევროკავშირი-უკრაინა

ბრეტონი: EU კიევისთვის განკუთვნილი 1 მლნ ჭურვის წარმოების ვალდებულებას გაზაფხულზე შეასრულებს

Thomas Samson/AFP via Getty Images

შიდა ბაზრის საკითხებში ევროკავშირის კომისრის, ტიერი ბრეტონის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის განკუთვნილი ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოების ვალდებულების შესრულებას მარტში ან აპრილში შეძლებს

ამასთან, ბრეტონმა ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ გზავნილში აღნიშნა, რომ აუცილებელია იარაღის ექსპორტის შემცირება და, პარალელურად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდისკენ მოწოდება. 

გასული წლის მარტში ბრიუსელმა განაცხადა, რომ კიევს ერთ მილიონ ჭურვს ერთი წლის განმავლობაში გადასცემდა. როგორც ბრეტონმა აღნიშნა, ევროკავშირს შეუძლია იარაღის წარმოება იმდენად გაზარდოს, რომ ორი წლის ვადაში რუსეთის წარმოების დონეს გაუტოლდეს. 

ბრიუსელი ადრე უკრაინას 50 მილიარდი ევროს ღირებულების ოთხწლიანი დახმარების პაკეტის გადაცემასაც დაჰპირდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ბუდაპეშტმა დაბლოკა. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინამ არ უნდა  მიიღოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხა, რადგან ის არ არის ბლოკის წევრი.

ბრიუსელი უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ 1-ელ თებერვლის სამიტზე კიევის ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამა ვერ დამტკიცდება.

Financial Times-ის წყაროების თანახმად, ოფიციალური პირები განიხილავენ ბუდაპეშტს ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა შეთანხმდნენ კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე. ასეთი პროცედურის რეალიზაცია შესაძლებელია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა დაბლოკოს ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყანამ.

კომენტარები