ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ბოკუჩავა: მაქვს პატივი, დღეს ზურაბიშვილს სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადავცე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პეტიციას - ჩვენი ხმა ევროპას - ხელი მოაწერა. ამის შესახებ ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

თინა ბოკუჩავას მითითებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ პეტიციასა და გზავნილს სალომე ზურაბიშვილს დღეს ორბელიანის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე გადასცემს.

"დღეს დავესწრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი, მივიტანო პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი". - თქვა თინა ბოკუჩავამ.

მისივე აღნიშვნით, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. 

"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში და ის არის პუტინის პირადი პატიმარი, მიუხედავად ამ ისტორიული უსამართლობისა, რომლიც დასრულებაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, რადგან მას გააჩნია პრეზიდენტის დისკრეციული კონსტიტუციური უფლებამოსილება შეწყალების უფლების სახით, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი სააკაშვილი ყველაზე მაღლა აყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ევროპულ მომავალს. პრეზიდენტი, რომელმაც პირველმა აღმართა ევროპული დროშა და პირადად ყველაზე მეტი გააკეთა  საქართველოს ევროპეიზაციისთვიის, მიუხედავად ამ უკანონო და უსამართლო ტყვეობისა, რომელშიც ის ახლა იმყოფება, ის ხელს აწერს პეტიციას და უერთდება ამ ინიციატივას [...]  ქვეყანაში გაბატონებული რუსული კლანის მარიონეტები ბოიკოტს უცხადებენ ამ ღონისძიებას და არ მიდიან დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, მაგრამ ტყვეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დგება ყველაფერზე მაღლა [...] მე მაქვს მისი ხელმოწერა და ასევე გარკვეული გზავნილი მისი მხრიდან". - ამბობს ენმ-ს წევრი.

გუშინ, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მივიდოდა, ხოლო პეტიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდა ხელს, თუ მასზე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერაც იქნებოდა. 

კომენტარები