არჩევნები 2024

თუ საკითხი ევროპულ მომავალს ეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი - ზურაბიშვილი არჩევნებზე

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili / Facebook

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში რადიო თავისუფლებისჟურნალისტის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას, რომ "განიხილავთ, ან განიხილავდით თუ არა შესაძლებლობას, რომ [არჩევნებში] მონაწილეობა მიიღოთ, ჩამოაყალიბოთ პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვებოდა" უპასუხა, რომ გეგმების შესასრულებლად თუ განსხვავებული ფორმატს საჭიროება დაინახა "მაშინ, ვნახოთ". 

"მე ამჟამად პრეზიდენტი ვარ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ - ამჟამად არის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს კონსენსუსის მიღწევა ქვეყანაში, რომელიც ღრმადაა პოლარიზებული - ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ, რაც, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში. შემდეგ გვექნება წლის დარჩენილი დრო, არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოსთვის გასცეს. აი, ესაა ჩემი გეგმები. თუ დავინახავ, რომ საჭირო ვარ განსხვავებული ფორმატით ამ ამოცანის შესასრულებლად, მაშინ, ვნახოთ...". - განმარტა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ასევე ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, განიხილავს თუ არა პარტიის ჩამოყალიბებას ან რაიმე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

"სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი". - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები