არგენტინა

მილეი საჯარო სექტორში ხალხის პოლიტიკური ნიშნით დასაქმების დასრულების პირობას დებს

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი
Tomas Cuesta via Getty Images

არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის სპიკერმა მანუელ ადორნიმ განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ქვეყნის საჯარო სექტორში "აქტივისტების" დასაქმებას წერტილს დაუსვამს. ადორნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა მილეის დაპირება, რომ არგენტინაში ფისკალური დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას.

ხავიერ მილეის სპიკერმა პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არგენტინის პრეზიდენტი აფასებს საჯარო სექტორში დასაქმებულებს: "მათი დიდი უმრავლესობა, ვინც სახელმწიფოსთვის მუშაობს მართებული და საჭიროა". - თქვა მან.

ადორნიმ დაამატა, რომ "ჩვენ, ასე ვთქვათ, აქტივისტურ დასაქმებას შევებრძოლებით, ანუ პოლიტიკური მიზნებით დასაქმებას, რასაც წვლილი არაფერში შეაქვს. უფრო მეტიც, წილი არა მხოლოდ არაფერში შეაქვს, არამედ აქეთ მიაქვს. ამან პროდუქტიულობა, ხელფასები და ფუნქციები იმ დასაქმებულებისგან წაიღო, რომლებსაც მუშაობა და სახელმწიფოსთვის თავგანწირვა სურთ".

ხავიერ მილეის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი გზავნილი სახელმწიფოს ზომისა და ხარჯების შემცირება იყო. 10 დეკემბერს ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ფისკალური შოკი გარდაუვალი იქნება. ხოლო მოგვიანებით, მან პირველივე საკანონმდებლო აქტით სამინისტროების რაოდენობა 18-იდან 9-მდე შეამცირა და ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

კომენტარები