აშშ

მიჩიგანის სკოლაში მომხდარი სროლის გამო 17 წლის მოზარდს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

Carlos Osorio/AP

აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 17 წლის ეთან კრამბლის, რომელმაც 2021 წელს მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის საშუალო სკოლაში მოკლა ოთხი მოსწავლე, ხოლო კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის მასწავლებელი, მამამისის ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა

კრამბლი პირველი არასრულწლოვანია, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2012 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც დაადგინა, რომ არასრულწლოვანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება ვადაზე ადრე გათავისუფლების გარეშე არაპროპორციული ზომაა ყველასთვის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა: "ბრალდებულმა თავისივე სიტყვებით უთხრა სასამართლოს, რომ მის გარდა, ეს არავის ბრალი არ ყოფილა". 

განაჩენის გამოტანამდე კრამბლიმ მოსამართლეს უთხრა: "მე ნამდვილად ცუდი ადამიანი ვარ. მე ჩავიდინე საშინელი რამ, რაც არავინ არ უნდა გააკეთოს. როგორიც არ უნდა იყოს სასჯელი, ვგეგმავ უკეთესი გავხდე".

2021 წლის ნოემბერში 15 წლის კრამბლიმ ჩაწერა ვიდეო, სადაც საუბრობდა სკოლის მოსწავლეების მკვლელობაზე, რის შემდეგაც, მეორე დღეს მან სკოლაში იარაღი მიიტანა. იმავე დღეს კრამბლის მშობლები სკოლაში დაიბარეს და აჩვენეს კრამბლის მიერ დახატული იარაღები წარწერით: "ფიქრები არ ჩერდება, დამეხმარეთ".

სასამართლო პროცესზე კრამბლის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროის მანძილზე მედიკამენტური საშუალებებით მკურნალობდა და ისწავლა "ბნელი ხმებისა და აზრების დათრგუნვა". 

კომენტარები