სერიული მკვლელი

ფლორიდაში სასტიკი მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი კაცის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

ლუციუს ბოიდი
Florida Department of Corrections via AP

ფლორიდაში 1998 წელს სტუდენტი ქალის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილს, დამკრძალავი ბიუროს ყოფილ მეპატრონეს, 64 წლის ლუციუს ბოიდს, რომელიც განაჩენის აღსრულებას ციხეში ელოდება, კიდევ ერთი მკვლელობა ედება ბრალად.

ბროვარდის ოლქის შერიფის ოფისის თქმით, ბოიდს ბრალი პუერტო რიკოელი ყოფილი ბიზნესვუმენის, ორი შვილის დედის, 41 წლის ეილინ ტრაპნერის მკვლელობისთვის წარუდგინეს. განცხადების თანახმად, ბოიდმა ტრაპნერი 1998 წლის დეკემბერში მოკლა. მისი ცხედარი გზატკეცილზე იპოვეს.

სწორედ 1998 წლის დეკემბერში, ტრაპნერის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე, ბოიდმა საექთნო საქმის 21 წლის სტუდენტი, დანია დაკოსტა მოიტაცა, გააუპატიურა და მოკლა. ქალის სხეული დანით მიყენებული 36 ჭრილობით სამი დღის შემდეგ იპოვეს. 

შერიფ გრეგორი ტონის, დეტექტივ ზაკ სკოტისა და კაპიტან ჯონ ბრაუნის თქმით, აქამდე ბოიდის სხვა მსხვერპლების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ტრაპნერის ცხედარიც ამოცნობილი არ იყო. მისი ვინაობის დადგენა დნმ ტესტის საშუალებით მიმდინარე წლის დასაწყისში მოხერხდა. მათივე თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ამოღებული დნმ ბოიდისას დაემთხვა.

"დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ვერ აღსრულდა სამართალი, ვერ დაიხურა საქმე. [ტრაპნერი] აღარ არის უსახო. ის აღარ არის უსახელო. - თქვა ტონიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გამომძიებლები თვლიან, რომ ბოიდის მსხვერპლთა სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს და აღმოჩნდეს, რომ მის მიერ ჩადენილ მკვლელობებს სერიული ხასიათი ჰქონდა. სკოტის და ბრაუნის თქმით, დეტექტივები მთელს ფლორიდაში ახლა ბოიდს განიხილავენ როგორც ეჭვმიტანილს 1990-იანი წლების გაუხსნელ მკვლელობებში, რადგან ცნობილია, რომ ის შტატის გარშემო ხშირად მოგზაურობდა.

სწორედ ამ პერიოდის გაზეთების თანახმად, დანია დაკოსტას მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ 39 წლის ბოიდთან ერთად მოგზაურობისას, მისი 19 წლის შეყვარებული დაიკარგა. ქალის პოვნა ვერ მოხერხდა. დეტექტივებმა ბოიდის წინააღმდეგ საქმე არ აღძრეს და თქვეს, რომ ცხედრის პოვნის გარეშე, კაცს ბრალს ვერ წარუდგენდნენ.

ამას გარდა, ბოიდს 1993 წელს მამაკაცის მკვლელობისთვისაც ჰქონდა ბრალი წარდგენილი, თუმცა ის გაამართლეს. სავარაუდო სერიული მკვლელი ამტკიცებდა, რომ კაცის მოკვლა არ სურდა და მხოლოდ თავს იცავდა. 1997 წელს ბოიდი გაუპატიურების საქმეზეც უდანაშაულოდ ცნეს.

კომენტარები