ფლანგვის დეტექტორი

GMC: ოცნებასთან დაახლოებული პირის კომპანიებმა 26 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2014-2023 წლებში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირის, გაგა (გაგალე) ბრეგვაძისა სამმა და მასთან დაკავშირებულმა კიდევ ორმა კომპანიამ ბიუჯეტიდან 26 078 400 ლარი მიიღო.

"მიუხედავად ამ საკითხზე არაერთგზის გამოქვეყნებული კვლევისა, არც შესაბამისი ანტიკორუფციული ორგანიზაციები და არც ადგილობრივი თვითმმართველობები, ამ თემით არ დაინტერესებულან. გაგა ბრეგვაძესთან დაკავშირებული კომპანიები კვლავ აგრძელებენ სახელმწიფო ტენდერების მიღებას და მხოლოდ 2023 წელს სხვადასხვა საჯარო უწყებებმა მათთან 10 060 568 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს". - წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ამასთან, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კომპანიებთან ხელშეკრულებებს ძირითადად ჭიათურის მერია აფორმებს და 248 ხელშეკრულებიდან 193 შემთხვევაში პროცესი კონკურენციის გარეშე წარიმართა.

ორგანიზაციის თქმით, გაგალე ბრეგვაძის კომპანია შემსყიდველს ხან სამშენებლო მასალებს აწვდიდა, ხანაც საკვებ პროდუქტებს. შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრეგვაძის კომპანიას საქმიანობის გამოკვეთილი სფერო არ აქვს და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა მომსახურების შესყიდვაში აპირებს ფულის დახარჯვას ჭიათურის მერია ან სხვა სახელმწიფო ორგანო.

კვლევაში ასევე განხილულია გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებული კიდევ ორო კომპანია - შპს გოლდ ენდ ბრო და შპს მემორიალი. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ორივე კომპანიის ფორმალური დირექტორი ზვიად გელაშვილია, ამის მიუხედავად, 2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერში შპს მემორიალის იურიდიულ მისამართად მითითებული იყო გაგა ბრეგვაძის საცხოვრებელი სახლი, რაც შეეხება შპს გოლდ ენდ ბროს - 2020 წლის 11 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებაში დაინტერესებულ პირად გაგა ბრეგვაძე ფიგურირებს.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ 2015-2023 წლებში ბიუჯეტიდან ჯამში 23 961 900 ლარი მიიღო.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ტენდერებში მოგებული 152 ხელშეკრულებიდან 129 შემთხვევაში შემსყიდველი ჭიათურის მერია იყო.

კომენტარები