არჩევნები უკრაინაში

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია არჩევნების ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა

 Верховної Ради

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტიამ მომდევნო არჩევნების მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადას ვებგვერდზე ვრცელდება

საპარლამენტო პარტიები მომავალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატში 10-12 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ უმაღლესი რადას წევრები, მე-9 მოწვევის უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები "შეთანხმდნენ, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო და საპრეზიდენტო) გაიმართოს ომის დამთავრების და საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ, როცა არჩევნებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო იქნება გასული (საომარი მდგომარეობის დასრულებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ)".

დოკუმენტს ხელი მოაწერა ფრაქცია ხალხის მსახურიდან დავით არახამიამ, ბატკივშინადან იულია ტიმოშენკომ, ევროსოლიდარობის ფრაქციის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ, გოლოსის წევრმა ალექსანდრა უსტინოვამ და საპარლამენტო ჯგუფების სხვა წარმომადგენლებმა.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ მოახლოებულ ეროვნულ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივისთვის და ის უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

თუმცა, ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ ომი და მისი შედეგები წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს ამ გამოწვევების წარმატებით გადასაჭრელად.

ამიტომ, ჟან მონეს მომავალი დიალოგის ფარგლებში, ჩვენ გავაგრძელებთ აზრთა მიმოცვლას იმ პრინციპებზე, რომელიც შეიძლება გახდეს უკრაინის მომავალი არჩევნების საფუძველი". - ნათქვამია უკრაინის საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნის ტექსტში.

კომენტარები