საქართველო-რუსეთი

"ამ პროვოკაციას აშშ ამზადებდა" – ეუთოს მინისტერიალზე ლავროვმა 2008 წლის ომზე ისაუბრა

სერგეი ლავროვი ეუთოს მინისტერიალზე
კადრი პირდაპირი ეთერიდან

ეუთოს მინისტერიალზე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა სიტყვით გამოსვლის დროს დასავლეთისა და თავად ეუთოს მიმართ მოსკოვის უკმაყოფილებებზე, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.

რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა NATO და ევროკავშირი "ეუთოს სამხედრო-პოლიტიკური სფეროს საკუთარი ხელებით დანგრევაში" დაადანაშაულა. მან უკმაყოფილება გამოთქვა 1999 წელს იუგოსლავიის კონფლიქტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერვენციასა და 2008 წელს კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით.

ლავროვმა ისაუბრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და მოვლენებში კვლავ თბილისი და ვაშინგტონი დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, NATO-ს ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე თბილისი და კიევი რუსეთის საწინააღმდეგოდ განაწყვეს.

"NATO-ს იმავე ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წლის ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისი და კიევი გაწევრიანებით (რედ. დაპირებით) მიიზიდეს. მიზანი მარტივი და დაუმალავი იყო, ისინი რუსეთის წინააღმდეგ განეწყოთ". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა 2008 წლის ომს აშშ-ს პროვოკაცია უწოდა.

"სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა, ბუქარესტში მიღებული კარტ-ბლანში დაუყოვნებლივ გამოიყენა, ამავე 2008 წლის აგვისტოში გასცა ბრძანება დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და თავს დასხმოდნენ სამშვიდობოებს, რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ამ პროვოკაციას ამზადებდა შეერთებული შტატები, რომელმაც საქართველოში დაიწყო საკუთარი პროგრამა – "ასწავლე და შეაიარაღე". რას ასწავლიდათ ვაშინგტონი, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა". – ირწმუნებოდა ლავროვი მინისტერიალზე.

აგვისტოს ომის შემდეგ ლავროვი უკრაინის 2014 წლის მოვლენებსაც შეეხო. ისაუბრა მოლდოვასა და დნესტრისპირეთზეც. 

ეუთოს მინისტერიალს ლავროვის მონაწილეობის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამ, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლამდე დატოვა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით დარჩიაშვილმა აღნიშნეს, რომ საქართველო მინისტერიალს ბოიკოტს არ უცხადებდა და მათ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომენტარები