არგენტინა

პაპმა სკვნილი გაუგზავნა არგენტინის პრეზიდენტს, რომელმაც მას იმბეცილი და კომუნისტი უწოდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და რომის პაპი ფრანცისკე

19 ნოემბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ არგენტინის არჩეული პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ში ჩავიდა და ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გამართვამდე ნიუ-იორკში ცნობილი ებრაელი რაბინის, მენახემ მენდელ შნეერსონის საფლავი მოინახულა.

აღნიშნული ჟესტი ასახავს ხავიერ მილეის სურვილს, ისრაელთან კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობა გააღრმაოს. 25 ნოემბერს მილეიმ ებრაულ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც იუდაიზმის მისაღებად რაბინის კურთხევა მიიღო. მილეის სპიკერის თქმით, არგენტინის არჩეული პრეზიდენტი მალე იუდაიზმს მიიღებს. მილეის თქმით, მისი აშშ-ში ვიზიტი "სულიერი მგზავრობაა".

მანამდე იყო შემთხვევები, როდესაც ხავიერ მილეიმ რომის პაპს "იმბეცილი", "ბინძური მემარცხენე", "კომუნისტი" და "ამქვეყნად ბოროტების წარმომადგენელი" უწოდა, რადგან მილეის თქმით, რომის პაპი "სოციალური სამართლიანობის" იდეებს ემხრობა. არგენტინაში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მილეიმ რომის პაპს შეურაცხმყოფელი სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა, სატელეფონო საუბრისას კი პაპმა მილეის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და "გამბედაობა და სიბრძნე" უსურვა. ხოლო გუშინ, 27 ნოემბერს, პაპმა ხავიერ მილეის სკვნილი (სავარდი) გაუგზავნა.

არგენტინის პრეზიდენტის ისრაელისადმი გამოხატული მხარდაჭერა არგენტინას, სადაც რეგიონთან შედარებით ყველაზე ბევრი ებრაელი ცხოვრობს, მოწინავე ადგილზე აყენებს. არგენტინის ახალ პრეზიდენტს ისრაელში სტუმრობის სურვილი ხშირად აქვს გამოთქმული და ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ ომში მტკიცედ უჭერს მხარს.

კომენტარები