თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

ნანა ჯორჯაძეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

ნანა ჯორჯაძე, თბილისის კინოფესტივალი, 2023 წლის 26 ნოემბერი

26 ნოემბერს, თბილისის კინოფესტივალის გახსნის დღეს საპატიო პრომეთე გადაეცა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს.

ჯილდოს აღების შემდეგ რეჟისორმა დარბაზს მადლობა გადაუხადა და სცენაზე დარბაზში მყოფი გადამღები ჯგუფის წევრები მოიწვია. ამის შემდეგ მაყურებელმა რეჟისორის ბოლო ნამუშევარი პეპლების იძულებითი მიგრაცია იხილა.

ნანა ჯორჯაძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. პირველი ფილმი მოგზაურობა სოპოტში 1980 წელს გადაიღო. 1986 წელს გადაღებულმა სურათმა რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა რეჟისორს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს კამერის ჯილდო მოუტანა. 1996 წელს ჯორჯაძის ნამუშევარი შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი პირველი ქართული ფილმი გახდა, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო. ავტორია ფილმებისა ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა, ფოსტალიონი, მეტეოიდიოტი.

სხვადასხვა წლებში არის კარლოვი ვარის, ბრიუსელის, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალების ნომინანტი. 1997 წელს იყო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს დასრულდება. ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.

 

კომენტარები