ევროკავშირი-უნგრეთი

EU-მ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარებას მხარი დაუჭირა

REUTERS/Laszlo Balogh/File Photo

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ვეტოს დაძლევაა.

აღნიშნული თანხა REPowerEU-ის პროგრამითაა გათვალისწინებული, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებაში ეხმარება.

ევროკომისიის მიერ უნგრეთის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული დადებითი შეფასება წევრი ქვეყნების კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 13.3 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. ამის მიზეზი ბუდაპეშტის მიერ კორუფციის აღმოფხვრასთან, კანონის უზენაესობისა და სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო რეფორმებზე უარის თქმა გახდა.

საპასუხოდ კი უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის დამტკიცებას. აღნიშნული დახმარების პაკეტი 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს.

ასევე, უნგრეთი წინააღმდეგობას აცხადებს უკრაინის ევროკავშირში გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გაგრძელების გეგმაც შეაჩერა.

კომენტარები