აშშ-ს ომი ტერორიზმთან

კოენი: ჰეზბოლას მიერ ისრაელზე თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას მიერ ისრაელზე თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ კოენმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ამავდროულად, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას დამატებითი ფრონტის გახსნის ინტერესი არ აქვს.

"ირანის მარიონეტი ჰეზბოლას თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს. ისრაელს დამატებითი ფრონტის გახსნის ინტერესი არ აქვს, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია, განვაგრძოთ მსგავსი თავდასხმების მოთმენა. საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობაა რეზოლუცია 1701-ის სრულად განხორციელება, რათა თავიდან აიცილოს ომი ლიბანში". - თქვა კოენმა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1701-მა 2006 წელს ლიბიის მეორე ომი დასასრულისკენ მიიყვანა. რეზოლუცია ლიბანის ყველა შეიარაღებული დაჯგუფების განიარაღებას ითვალისწინებდა. კერძოდ, ელი კოენი სამხრეთ ლიბანის გასამხედროებული დაჯგუფებებისგან, მათ შორის, ჰეზბოლასგან გათავისუფლებას გულისხმობს.

22 ნოემბერს კოენმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გაუგზავნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებსა და ისრაელის სამხედრო ძალებზე ჰეზბოლას განმეორებითმა თავდასხმებმა, შესაძლოა, რეგიონული ომი გამოიწვიოს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სცენარის ასეთი განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაციას რეზოლუციის აღსრულებისკენ მოუწოდა.

კომენტარები