შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი პარტიების ხარჯების ზედა ზღვრის შემცირებაზე: კიდევ ვიმსჯელებთ, რამდენად დაიწიოს

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების ხარჯების ზედა ზღვრის შემცირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მმართველ პარტიაში იქნება მსჯელობა, მომავალში რამდენად უნდა დაიწიოს ზღვარმა.

ამასთან, ცვლილება გათვალისწინებულია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, "ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდა".

პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების საკითხზეც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების სამოქმედო გეგმაში შეტანა მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა "იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვრის გვერდის ავლა".

"გამიკვირდა, რომ პრობლემებს ეძებენ იმ ადგილას, სადაც პრობლემები არ არსებობს. რაც შეეხება ამ დოკუმენტის არსს, ეს პროექტი შემუშავდა ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციით. პარტიების დაფინანსების საკითხს რაც შეეხება, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ დეოლიგარქიზაციის სისტემური მიდგომის დროს გათვალისწინებული იყოს პარტიების დაფინანსების საკითხი. კერძოდ, ორი საკითხი არის განსაკუთრებით გამოსაყოფი, ერთია პარტიის მხრიდან საერთო ხარჯის ზედა ჭერი, რომელიც დღეს უკვე დაწეულია. მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1% იყო და ბოლო რეფორმის შედეგად 0.05%-მდე დაიწია. მოსაზრება იყო, კიდევ ხომ არ დაიწიოს, ამიტომ მსჯელობა გვექნება, რამდენად დაიწიოს.

მეორე საკითხია პარტიის შემოწირულებების შეტანის საკითხი, რომელიც ასევე ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მოსაზრებებია, მათ შორის იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ, შესაძლოა, იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვრის გვერდის ავლა. საერთო ჯამში, იურიდიული პირებისგან შემოწირულებების ოდენობა ძალიან დაბალია. მაგალითად, 2020 წელს მთლიანი პარტიული შემოსავლების შემოწირულებების მხოლოდ 3% იყო იურიდიული პირებისგან. ასე რომ, ეს საერთო დაფინანსებასა და შემოწირულებებთან რაიმე სხვაობას არ იძლევა და დიდი მოცულობის თანხები არ არის. ოპოზიციისგან და არასამთავრობო სექტორისგან რაიმე კრიტიკული მოსაზრებები თუ იქნება, სიამოვნებით მოვისმენთ". - განმარტა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რას ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა – 7 პრიორიტეტული მიმართულება

დღეს, 22 ნოემბერს ცნობილი გახდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დეტალები. აღნიშნული დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს ეხება.

"საარჩევნო რეფორმის რამდენიმე რაუნდის საფუძველზე, პარტიების დაფინანსების ოდენობა შეიზღუდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შემცირდა ხარჯების ზედა ზღვარი. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1% შემცირდა 0.05%-მდე (ე.ი. დანახარჯების ზედა ზღვარი თითოეული მხარისთვის იყო 60 მლნ ლარი და ის შემცირდა 30 მლნ ლარამდე)". - ნათქვამია დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში.

ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დოკუმენტში გამოყოფილია შემდეგი ღონისძიებები:

  • იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულობის აკრძალვა (ვადა: 2023 წლის IV კვარტლიდან 2024 წლის I კვარტლამდე);
  • თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვრის კიდევ უფრო შემცირება (ვადა: 2023 წლის IV კვარტლიდან 2024 წლის I კვარტლამდე);
  • პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების რეგულარულად გამოქვეყნება.

კომენტარები