ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა მომდევნო დღეებში სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებას გეგმავს

REUTERS/File Photo

ჩრდილოეთ კორეა მომდევნო დღეებში სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ  ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის სანაპირო დაცვა გააფრთხილა. 

აღნიშნული თანამგზავრის ორბიტაზე განთავსება ჩრდილოეთ კორეის მიერ გაეროს შეზღუდვების დარღვევა იქნება.

ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილება დაგმო იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ, რომელმაც თქვა, რომ ქვეყნის თავდაცვითი სისტემები მზად არიან ნებისმიერი "მოულოდნელი სიტუაციისთვის". 

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზანი თანამგზავრის გაშვებაა, ამისთვის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის დარღვევაა. ამას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის". – თქვა კიშიდამ. 

კიშიდამ ასევე აღნიშნა, რომ იაპონია ითანამშრომლებს აშშ-სა და სამხრეთ კორეასთან, რათა დაარწმუნონ ჩრდილოეთ კორეა, რომ არ გადადგას ეს ნაბიჯი.

ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხედრო ჯაშუში თანამგზავრის კოსმოსში გაგზავნა პირველად მაისში სცადა, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ასევე წარუმატებლად დასრულდა აგვისტოში, სატელიტის გაშვების მეორე მცდელობა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მარცხი აღიარა და პირობა დადო, რომ შეცდომების გამოკვლევის საფუძველზე შემდეგ ჯერზე მათ გამოსწორებას ეცდებიან. 

ფხენიანის მტკიცებით, კოსმოსური დაზვერვა სამხრეთ კორეისა და აშშ-ს "უგუნური" სამხედრო წვრთნების მონიტორინგისთვისაა საჭირო. 

 

კომენტარები