მონღოლეთი

მონღოლეთი რუსეთისა და სხვა ქვეყნებისგან კულტურული არტეფაქტების დაბრუნებას ითხოვს

REUTERS/Eduardo Munoz/File Photo

ორშაბათს მონღოლეთმა რუსეთს, ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს ასობით კულტურული არტეფაქტის რეპატრიაციისთვის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მთავრობის განცხადების თანახმად, ძირითად არტეფაქტებში, რომლის დაბრუნებასაც მოითხოვენ, შედის მონღოლეთის პირველი პრემიერმინისტრის წერილი, რომლითაც მან ჩინეთის მანჩუს დინასტიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წერილი ამჟამად ლონდონის ბრიტანულ ბიბლიოთეკაში ინახება.

ამას გარდა, ედინბურგის მუზეუმში ინახება არტეფაქტები, რომელიც მე-13 და მე-14 საუკუნეებში სპარსეთის რამდენიმე მონღოლი მმართველის დროს სასამართლოებში მოღვაწე სპარსი მოხელის, რაშიდ ალ-დინის სახელთანაა დაკავშირებული.

გასულ კვირას რუსეთში გამართულ ფორუმზე მონღოლეთის კულტურის მინისტრმა, ნომინ ჩინბატმა რუსეთსაც სთხოვა დახმარება იმ არტეფაქტების ამოცნობასა და დაბრუნებაში, რომელიც რუსეთში კვლევისა და რესტავრაციისთვის ასი წლის წინ გაიგზავნა.

"მადლობას ვუხდი იმ ქვეყნებს, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ მონღოლეთს ამ მნიშვნელოვანი საქმით და მოუთმენლად ველი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობას მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით". - თქვა ჩინბატმა.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ევროპული იმპერიების ყოფილმა კოლონიებმა წლების წინ წაღებული კულტურული და ისტორიული არტეფაქტების დაბრუნება მოითხოვეს. თუმცა, ნივთების უმეტესობა ინახება მუზეუმებში, რომლებსაც თავიანთი კოლექციის დათმობა არ სურთ.

მონღოლეთმა თავისი არტეფაქტების დაბრუნებაში ბოლო წლების განმავლობაში გარკვეულ წინსვლას მიაღწია. 2023 წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას დინოზავრის ნამარხები დაუბრუნა, მათ შორის, 70 მილიონი წლის წინ მცხოვრები ალიორამუსის, ტირანოზავრის მომცრო ვერსიის თავის ქალა.

კომენტარები