რაჭის ტყეები

დაკავებულია რაჭის ტყეებთან დაკავშირებული აქციის 11 მონაწილე - შსს

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შსს-მ რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დააკავა. უფლებები საქართველოს იურისტის მარიამ მაღრაძის თქმით, დაკავებულებს შორის არის მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტი ვარლამ გოლეთიანიც. 

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა სულ 11 ადამიანი. მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

"აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი".

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. უწყება უარყოფს რაჭის ტყეების გაყიდვას - "ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას". 

"ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას".

აქციები რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით რამდენიმე კვირაა ონში მიმდინარეობს. 

13 სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამონადირეო მეურნეობა შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია. უწყების ინფორმაციით, კომპანიას არ ჰქონდა წარმოდგენილი "არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში".

აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობდა, რომ ლიცენზია არ გაუქმებულა და ეს განცხადება პროტესტის მუხტის შემცირებას ისახავდა მიზნად. "ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა რაჭაში ბოლო ორი წელია უკვე. გადაეცა დავით ხიდაშელს უპრეცედენტოდ დიდი ტერიტორია და ამასთან დაკავშირებით, გამართულა კიდეც აქ შეხვედრები. ახლა უკვე იქამდე არიან მისულები, რომ ეშინიათ პროტესტის აზვირთების და დადიან და თვითონ ავრცელებენ ტყუილებს, რომ ვითომ, ლიცენზია გაუქმდა. მეტს არაფერს ვითხოვთ - თუ გაუქმდა, გვაჩვენონ საბუთი, რომ გაუქმდა" - თქვა გოლეთიანმა ფორმულასთან ინტერვიუში.

ფორმულას ინფორმაციით, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად, ტყეები კი აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

კომენტარები