ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

როგორ გადაარჩინა ტერორისტებისგან ერთმა ფერმერმა მუსიკალურ ფესტივალზე მყოფი 120 ადამიანი

15 ნოემბერს ისრაელის მედიაში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ისრაელელი ფერმერის მანქანის კამერით იყო გადაღებული. ფერმერმა, ოზ დავიდიანმა რეიმიდან, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიიდან, სადაც ჰამასის ტერორისტებმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს, 120 ადამიანი გამოიყვანა და შესაძლო სიკვდილს გადაარჩინა.

ფერმერმა, რომელიც რეიმის მახლობლად მდებარე მასლულის დასახლებიდანაა, ფესტივალის ტერიტორიიდან საკუთარ მოშავამდე (მოშავი - ებრაული სოფლის ტიპის დასახლება) და მეზობლად მდებარე ფათიშამდე საკუთარი მანქანით 20-მდე რეისი შეასრულა.

ყოველი მგზავრობისას, რომლის დროსაც 15-17 კილომეტრის გავლა უწევდა, ოზ დავიდიანი სხვადასხვა გზებს ირჩევდა, რათა ტერორისტებისთვის თავი აერიდებინა. ამ დროის განმავლობაში მისი ცოლი და ოთხი ქალიშვილი საკუთარ სახლში, დაცულ ოთახში იყვნენ შეფარებული. 

7 ოქტომბრის თავდასხმის დღეს, მხოლოდ ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე 260-მდე ადამიანი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარების გამოყენებით.

როგორც ამბობს ისრაელის მე-13 არხი, რომელმაც ჩანაწერი გამოაქვეყნა, ჟლეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის უსაფრთხოების ძალები წვეულებაზე ცეცხლის გახსნიდან 7 საათის განმავლობაში არ გამოჩენილან. ამ დროის განმავლობაში ტერორისტები აკონტროლებდნენ 232-ე გზატკეცილს.

გზა მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კადრი ოზ დავიდიანის მანქანის კამერით გადაღებული ვიდეოდან.

ვიდეოში, რომლის ნაწილიც ფერმერის პარკინგის კამერითაა გადაღებული, ჩანს თუ როგორ მიიკვლევს გზას დავიდიანი დამტვრეულ მანქანებს შორის, როცა მას ცეცხლს უხსნიან. "ტერორისტები! ფრთხილად!". - ეუბნება ფერმერი მანქანაში მსხდომ ახალგაზრდებს. შემდეგ მას ერთ-ერთი მგზავრი ეუბნება, რომ გზიდან გადაუხვიოს და დავიდიანი დაგებული ტრასიდან უსწორმასწორო მდელოზე გადადის.

ერთ-ერთმა გოგომ, რომელიც ოზმა გადაარჩინა, ისიც კი იფიქრა, რომ ფერმერი "სპეციალური პიროვნება" იყო საშინაო უსაფრთხოების, შინ ბეთის უწყებიდან.

"მიმოიხედე გარშემო. აქ არავინაა, არავინ, აქ საათებია რაც გაჭედილები ვართ და არავინაა. შენ ერთადერთი ხარ, ვინც მოვიდა". – გაიხსენა დავიდიანმა გოგოს პასუხი, რომელსაც ჰკითხა, თუ რატომ ეგონა შინ ბეთის წარმომადგენელი. 

ერთ-ერთი, ვინც დავიდიანმა გადაარჩინა, იყო რეზერვისტი ოფიცერი, რომელიც ასევე ფესტივალს ესწრებოდა და მობილურში მონიშნული ჰქონდა ის ადგილები, სადაც სხვა დამსწრეები იმალებოდნენ.

დავიდიანი ფესტივალის ტერიტორიაზე რეზერვისტთან ერთად დაბრუნდა. ორიენტირად ადგილიდან მომავალ შავ კვამლს იყენებდნენ. როგორც ფერმერმა თქვა, როდესაც 232-ე გზამდე მივიდნენ, დაინახეს "ასობით ცხედარი ყველგან, გზასა და მდელოზე" და "უამრავი მანქანა, ზოგიერთი დამწვარი, ზოგიერთი ფარებანთებული და ავტომობილებში მსხდომი გვამები, რომლებსაც თოფით მიყენებული ჭრილობები ეტყობოდათ".

ფერმერმა გაიხსენა მომენტი, როცა ის ტერორისტებს გამოესაუბრა და მათ ცეცხლი გაუხსნეს.

"როდესაც ფესტივალის ტერიტორიამდე მივედით, ასობით ცხედარი დავინახეთ, ათეულობით გვამი ეყარა ტერიტორიაზე, მდელოზე. ვხედავდით უამრავ მანქანას, ზოგი დამწვარი იყო, ზოგს კი ფარები ჰქონდა ანთებული. ავტომობილებში დახვრეტილ ცხედრებს ვხედავდით. ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით რა მოხდა აქ. ტერორისტებს ვერ ვხედავდი. მხოლოდ ორი ადამიანი დავინახე ჯარისკაცის ცხედართან. ვიფიქრე, მშვენიერია, მედიკოსები არიან და სამხედროებიც აქ არიან-მეთქი. შემდეგ მას ვკითხე: "რა ხდება?" - და სანამ მიპასუხებდა, მივხვდი, რომ ის შეიძლება ტერორისტი ყოფილიყო. შემდეგ არაბულად დაველაპარაკე. ვკითხე: "მკვდრები არიან?", შემდეგ მიპასუხა და უეცრად ორივე მივხვდით, მე მივხვდი, რომ ის ტერორისტი იყო, ის კი მიხვდა, რომ მე – ებრაელი. მე სიჩქარეს მოვუმატე, მან კი ტერორისტებს დაუყვირა. გზაზე გავქანდი. გზა გვამებითა და დამწვარი მანქანებით იყო სავსე და სანამ გავრბოდით, სროლის ხმა გავიგეთ. სასწაულებრივად, ჩვენს მანქანას ტყვიები არ მოხვედრია". – იხსენებს ფერმერი დავიდიანი.

ტერორისტები, რომლებმაც მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
კადრი ოზ დავიდიანის მანქანის კამერით გადაღებული ვიდეოდან.

ფერმერმა შეძლო და ტერორისტებს უვნებლად გადაურჩა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან ტერორისტები მის მანქანას, შემდეგ კი კაცი გზიდან გადადის და ავტომობილის ტარებას ველზე აგრძელებს.

"ყველა მიმართულებით ისროდნენ. გაუგებარი ბოროტება სუფევდა. ყველაფერს ესროდნენ, რაც ინძრეოდა". – იხსენებს დავიდიანი. მისი თქმით, ტერორისტებმა ყუმბარმტყორცნიც კი გამოიყენეს.

როგორც დავიდიანი იხსენებს, ეს ყველაფერი საშიში და სტრესული იყო.

"ხალხს აუპატიურებდნენ. ერთი აუპატიურებდა, მეორე ისროდა და პირველს იცავდა, უყურებდა მეგობარი როგორ აუპატიურებდა ქალს. დახვავებულ გვამებს ვხედავდით, ერთმანეთზე დაყრილს, თითქოს ყველა ერთად იყო, როცა ამოჟლიტეს და ერთმანეთს დაეცნენ". – იხსენებს ფერმერი.

ამ შემთხვევის მიუხედავად, ფერმერმა და რეზერვისტმა ცოცხალი ხალხის ძებნა გააგრძელეს. ისინი იწერდნენ ყოველი გადარჩენილის სახელსა და გვარს და მათ სახლში არეკვინებდნენ, რათა ახლობლებთან ესაუბრათ.

ოზ დავიდიანის მიერ გადარჩენილი ახალგაზრდების ერთ-ერთი ნაკადი

როგორც დავიდიანმა მე-13 არხთან საუბარში თქვა, მან სამაშველო სამუშაოები მცირე ხნით მხოლოდ შუაღამეს შეაჩერა, რათა საკუთარი ოჯახის წევრები შეემოწმებინა და დარწმუნებულიყო, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. რეპორტაჟის მიხედვით, დავიდიანი ამის შემდეგ მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე დაბრუნდა და გადარჩენილებს ეძებდა. ძებნა დილის 7 საათამდე გააგრძელა, თუმცა ვეღარავინ იპოვა.

"როდესაც ასობით ახალგაზრდას ხედავ, დახოცილებს, დაჭრილებს, ხედავ როგორ გარბიან ველზე და ტერორისტები ყველა მიმართულებით ისვრიან, ყველაფერს გვერდზე გადადებ, შიშსაც და ოჯახსაც და მათ დასახმარებლად წახვალ". – შეაჯამა ამბავი დავიდიანმა მე-13 არხთან საუბარში.

"ის ყოველთვის ჩემი გმირი იყო". – თქვა რეპორტაჟში ოზ დავიდიანის ერთ-ერთმა ქალიშვილმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.

კომენტარები