2008 წლის აგვისტოს ომი

ზურაბიშვილი აგვისტოს ომში მოსკოვი-თბილისის "ორმაგ პასუხისმგებლობაზე" საუბარს უარყოფს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Monde-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს და რუსეთის ორმხრივ პასუხისმგებლობაზე არასდროს უსაუბრია.

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: "თქვენს წიგნში ხაზს უსვამთ "მოსკოვის და თბილისის ორმაგ პასუხისმგებლობას" 2008 წლის ომის დაწყებაში და წერთ, რომ "ვერსია, რომლის თანახმადაც საქართველომ რუსულ აგრესიას მხოლოდ უპასუხა, ვერ უძლებს ფაქტებს". ასევე, თქვენი წიგნიდან ნაწყვეტების ციტირება მოახდინა რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე 2009 წელს საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. ისევ ამ პოზიციაზე ხართ?".

Le Monde-ს ამ კითხვაზე პასუხად საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ "არა, მე ეს არასდროს მითქვამს".

"მე ქართველი ემიგრანტების შვილი ვარ, რომლებმაც 1921 წელს, საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ დატოვეს საქართველო. სწორედ რუსეთია ის, ვინც ყოველთვის თავს ესხმოდა, ანექსირებას ახდენდა და კვეთდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს" - უთხრა ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემას.

სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო და "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა". მისი წიგნიდან ციტატები რუსეთმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელში გამოიყენა.

კითხვაზე, ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდაც ამბობდა, რომ "ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

"რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება საუკუნოვან მტერთან?! - ამბობდა ზურაბიშვილი.

ასევე, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია, რომ  ოკუპანტი რუსეთია და ეს ნათელია, თუმცა, 2008 წელს "იმდროინდელმა პრეზიდენტმა ან დაუშვა დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული". 

"დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის, რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსეთის მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი, იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო, გარიგებები... ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე" - თქვა 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარები