Credit Suisse

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის $742,73 მილიონის გადახდა დააკისრა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

სინგაპურის კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ს დაეკისრა ივანიშვილისთვის $742,73 მილიონის გადახდა პროცენტის დამატებით. ასევე - მოსარჩელეთა ხარჯების, $7 298 893, 43 გადახდა პროცენტის დამატებით.

თუ Credit Suisse 2023 წლის 2 ნოემბრიდან 21 დღის ვადაში არ გადაიხდის აღნიშნულ თანხებს, დაიწყება აღსრულების პროცედურა.

მოპასუხემ, Credit Suisse-მა შეიტანა საჩივარი და ეს საჩივარი სავარაუდოდ განხილული იქნება 2024 წლის აპრილის პირველ კვირაში.

26 მაისს სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სწორედ ამ განაჩენის გასაჩივრების შედეგად გამოიტანა სინგაპურის კომერციულმა სასამართლომ 2 ნოემბერს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება.

საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რამაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა.

ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. ივანიშვილმა 2022 წელს ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო. შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ადგილობრივმა სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს, თუმცა 2023 წლის 23 ივნისს ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ის უცვლელი დატოვა

ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები