ისრაელის ომი ტერორიზმთან

აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

პენტაგონი
politico

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიასა და ერაყში ამერიკის ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების ობიექტებზე ორი საჰაერო იერიში მიიტანა.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიშების შედეგად ქალაქ ალბუ ქამალთან საწვრთნელი ბაზა და ქალაქ მაიადინთან სამალავი გაანადგურეს. ოსტინის თქმით, იერიშების მიტანის ბრძანება ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

სირიაში ამერიკის საჰაერო იერიში რიგით მესამე მას შემდეგ, რაც ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა ამერიკულ ბაზებზე დრონებისა და რაკეტების მეშვეობით თავდასხმები განახორციელეს.

აშშ-ს სირიაში 900, ხოლო ერაყში 2500 სამხედრო ჰყავს განთავსებული, რათა ადგილობრივ ძალებს ისლამური სახელმწიფოს ხელახალი გაძლიერების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი და დამატებით 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა, ხოლო 5 ნოემბერს რეგიონში ბირთვული წყალქვეშა ნავების განთავსება დააანონსა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები