რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვამ უკრაინას NASAMS-ის გამშვები მოწყობილობები გადასცა

NASAMS-ის სისტემა

ლიტვამ უკრაინას NASAMS-ის საშუალო დისტანციაზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამშვებები გადასცა. ამის შესახებ ლიტვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა თქვა, რომ NASAMS-ის გამშვებები უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვაში ინტეგრირდება, რაც, მისივე თქმით, გააფართოებს ნორვეგიისა და აშშ-ს მიერ გადაცემული NASAMS-ის სისტემების ოპერატიულ შესაძლებლობებს.

"ჩვენი დახმარება რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ფაქტორად უკრაინის თავდაცვისთვის. ჩვენ კარგად გვესმის უკრაინის საჭიროებები და მოკავშირეებს იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებთ". - თქვა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა. 

ივნისში ლიტვის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სააგენტომ გააფორმა კონტრაქტი ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-თან NASAMS-ის გამშვები მოწყობილობების შესაძენად. უკრაინელმა სამხედროებმა შესაბამისი წვრთნები გამშვებების გადაცემამდე გაიარეს.

აქამდე ლიტვამ უკრაინას დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.

ამასთან, ლიტვა 2024 წლის ბიუჯეტში უკრაინის დახმარებისთვის 340 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირის დასაწყისში თქვა, რომ NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები ბრძოლის ველზე გამოიყენება. 

კომენტარები