საქართველო-რუსეთი

Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ბათუმისკენ რეისს ასრულებდა, მოსკოვში გაბრუნდა

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია პორტალ Flightradar-ზეა ხელმისაწვდომი.

Red Wings-ი ფრენას Sukhoi Superjet-ით ასრულებდა. 

ამასთან, ბათუმის აეროპორტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რეისი 4 საათით გადაიდო. ამ დრომდე ფრენის გადადების მიზეზების შესახებ ოფიციალური განცხადება არ ვრცელდება. 

ოქტომბერში რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით მიმავალი რუსი ტურისტები თვითმფრინავში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები Sukhoi Superjet 100-ის თვითმფრინავის გაუმართაობის გამო. მსგავსი შემთხვევა მოხდა Азимут-ის თვითმფრინავთან დაკავშირებითაც, რომელიც სოჭიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა.

გარდა ამისა, აგვისტოში რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ეკატერინბურგი-ანტალიის და ანტალია-ეკატერინბურგის მიმართულებით ფრენების შეფერხებასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ავიაკომპანიის Boeing 777-ის ტიპის სამი თვითმფრინავიდან ორი მწყობრიდან ერთდროულად გამოვიდა.  

ამასთან, აგვისტოშივე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა. Red Wings-ის წინააღმდეგ საქმე საფრთხისშემცველი მომსახურების გაწევის მუხლით აღიძრა, ხოლო მანამდე ინფორმაცია მომსახურების არასათანადო შესრულების მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გავრცელდა.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი ის იყო, რომ ავიაკომპანიამ 13 აგვისტოს ანტალიაში გაგზავნა გაუმართავი თვითმფრინავი, რომელშიც კონდიციონერი არ მუშაობდა. ამან "მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნა". 

2022 წელს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wing-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს არღვევდა. 


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები