Red Wings

რუსეთში Red Wings-ის წინააღმდეგ საქმე ამჯერად საფრთხისშემცველი მომსახურების გამო აღძრეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დღეს, 16 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრ ბისტრიკინის ბრძანების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, Red Wings-ის წინააღმდეგ საქმე საფრთხისშემცველი მომსახურების გაწევის მუხლით აღიძრა. წინა დღით კი ინფორმაცია მომსახურების არასათანადო შესრულების მუხლით რუსული ავიაკომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გავრცელდა.

16 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი ისაა, რომ ავიაკომპანიამ 13 აგვისტოს ანტალიაში გაგზავნა გაუმართავი თვითმფრინავი, რომელშიც კონდიციონერი არ მუშაობდა. ამან "მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეუქმნა". ავიაკომპანიას აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, 14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Red Wings-ის Boeing 777-ის ტიპის სამი თვითმფრინავიდან ორი მწყობრიდან ერთდროულად გამოვიდა. სააგენტო Interfax-ი Red Wings-ზე დაყრდნობით განმარტავდა, რომ თითოეულ მარშრუტზე მგზავრების რაოდენობა 410-ს შეადგენდა.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ხარვეზები გამოასწორეს და ავიაკომპანია 16 აგვისტოდან ფრენების შესრულებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ფრენების უფლება საქართველოს მხრიდან მაისში მიიღო, რეისების: მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ავიახაზები ევროპული და ამერიკელი მწარმოებლების თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ. 

The New York Times-ი ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები რუსეთში 2022 წელს სანქციების გვერდის ავლით შეიტანეს.

კომენტარები