Red Wings

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბისტრიკინმა რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება "მედიაში ფართოდ გავრცელებულ ინფორმაციას, იმაზე, რომ 2023 წლის 12-დან 14 აგვისტომდე რუსი ტურისტები რიგ ქვეყნებში აეროპორტებიდან ვერ მიფრინავდნენ" და "მგზავრებს უწევდათ დიდი ხნით არაკომფორტულ პირობებში გაჩერება და აფრენისთვის დალოდება". როგორც საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, ბისტრიკინმა საქმის აღძვრის ბრძანება არასათანადო მომსახურებასთან დაკავშირებით გასცა.

14 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Red Wings-ის Boeing 777-ის ტიპის სამი თვითმფრინავიდან ორი მწყობრიდან ერთდროულად გამოვიდა. სააგენტო Interfax-ი Red Wings-ზე დაყრდნობით განმარტავდა, რომ თითოეულ მარშრუტზე მგზავრების რაოდენობა 410-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ფრენების უფლება საქართველოს მხრიდან მაისში მიიღო, რეისების: მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსული ავიახაზები ევროპული და ამერიკელი მწარმოებლების თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური მომსახურების გარეშე დარჩნენ. 

The New York Times-ი ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები რუსეთში 2022 წელს სანქციების გვერდის ავლით შეიტანეს.

კომენტარები