საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე სტატუსზე: პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც სიბრძნე გამოავლინა

მინდა, ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადავუხადო.

20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა - სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს.

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის განმავლობაში უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს.

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა. 

კომენტარები