ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე

23 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაციები ჩატარდა

პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

"ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის თქმით, თაღლითური ჯგუფები ქმნიდნენ ვებ-გვერდებს, რომლითაც სანდო საინვესტიციო კომპანიის შთაბეჭდილებას უტოვებდნენ დაზარალებულებს და შემდეგ მათ სთავაზობდნენ სარფიან გარიგებებს. ორგანიზებული ჯგუფების სამიზნე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იყვნენ, ძირითადად, შვეიცარიისა და გერმანიის მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. 

"საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, უწყება აგრძელებს გამოძიებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, EUROJUST-ის კოორდინაციით სხვადასხვა ქვეყნებში ქოლ-ცენტრებში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირების გამოაშკარავების მიზნით.

EUROJUST-ი შვეიცარიის ხელისფულების მოთხოვნით, კოორდინირებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში, საქართველოსა და უკრაინაში თაღლითური სქემების გამოაშკარავების საგამოძიებო პროცესს.

საინვესტიციო თაღლითობის გამოძიება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შედეგად გამოვლინდა სავარაუდო ფინანსური სავაჭრო კომპანიების თაღლითური ქოლ-ცენტრები და ვებსაიტები უკრაინასა და საქართველოში. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გამოძიება დროებით შეჩერდა. თუმცა, 2022 წლის ბოლოს სპეცოპერაციები განხორციელდა 23 ქვეყანაში, სადაც გაჩხრიკეს ადგილები და გაიყინა საბანკო ანგარიშები და აქტივები.


12 აპრილს BBC-მ ე.წ ქოლ-ცენტრებზე გამოძიება გამოაქვეყნა, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს. მათი ცნობით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი. კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

6 სექტემბერს, დუბაის პოლიციამ ალბანელი ბიზნესმენი, ამანტ იოსიფი დააკავა. იოსიფს ესპანეთის პროკურატურა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით თაღლითობაში სდებდა ბრალს, მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. 

კომენტარები