ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ 7-ვე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

Screenshot/მთავარი არხი

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ 7-ვე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

"მტკიცებულებები არის საკმაოდ მაღალი სტანდარტის. ეს არის დოკუმენტაცია, ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, რომლებიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა. ამ მტკიცებულებებში ყველას როლი ძალიან კარგად არის გამოკვეთილი და უშუალოდ არის დაკავშირებული დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას უბრალოდ არ ტოვებს". - თქვა სადრაძემ მთავარ არხთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიგურირებს თუ არა საქმეში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის, სოსო მჭედლიშვილის მეგობარია, სადრაძემ თქვა, რომ საქმესთან ჭიკაიძის შემხებლობა ამ ეტაპზე არ დასტურდება, თუმცა "კომპლექსური" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და "თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს, ამას რეაგირება და სამართლებრივი შეფასება აუცილებლად მიეცემა".

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი ბრალდებულის, დაბადებით ქართველი, ისრაელის მოქალაქის ადვოკატმაც, რომლის თქმითაც, ბრალდებას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც პატიმრობის შეფარდების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

"სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განჩინებაში ბევრი "სავარაუდო", ბევრი "შესაძლებელი", ბევრი "მათ შორის" იყო, მაგრამ არანაირი დასაბუთება. საქმის მასალები ადასტურებს, რომ კონკრეტულად ჩემს დასაცავ პირს შემხებლობა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან არ აქვს... დაცვის მხარე უფლებას იტოვებს, რომ სამართლებრივად დაადასტუროს გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის უდანაშაულო". - თქვა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი გუშინ, 3 თებერვალს დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას.

პროკურატურის ცნობითვე, ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა 2021-2024 წლების პერიოდში დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

"ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე 1 თებერვალს ჩაატარა.

კომენტარები