ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე

ყაზახეთში 24 ქართველი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, საქმე ქოლ-ცენტრებს ეხება

ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე ინტერნეტ-თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ყაზახური მედია წერს, ალმათის პოლიციამ გამოავლინა ინტერნეტ-თაღლითების ქოლ-ცენტრი. ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანდოს სუიუნბაიმ ისაუბრა.

"ალმათიში ქალაქის პოლიციამ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების მსვლელობის დროს გამოავლინა ინტერნეტთაღლითების ქოლ-ცენტრი. ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ჯგუფი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის 24 მოქალაქისგან შედგებოდა". – თქვა სუიუნბაიმ.

როგორც მედია აღნიშნავს, ყაზახეთში სატელეფონო ზარები რომელიმე ბანკის ან სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სახელით, თაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ყაზახეთის შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან, მობილური ქსელების ოპერატორებმა სხვა ქვეყნებიდან 15 მილიონის რაოდენობის მსგავსი თაღლითური ზარი დაბლოკეს. ამ წლის პირველ სამ თვეში ყაზახეთში გამოავლინეს 400-ზე მეტი დანაშაული, რომელიც სატელეფონო თაღლითობას უკავშირდებოდა. თაღლითები ზარის დროს ამბობდნენ, რომ ბანკის თანამშრომლები იყვნენ. 

აქამდე, 12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით "ბრალდებების უსამართლობა" დაამტკიცოს.

მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – BBC-ის გამოძიება კეზერაშვილზე

კომენტარები