მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

მამა ზაზა: ქართული სახელმწიფო და ეკლესია ვალდებულია, არ მისდიოს პრორუსულ კაპიტულანტობას

მე მოვისმინე ეს გამაოგნებელი განცხადება და ძალიან მძიმედ მოსასმენი გახლდათ. იმდენად ყოველგვარი ლოგიკიდან იყო ამოგდებული და მითუმეტეს, როცა ამას აკეთებს სასულიერო პირი. ეს არის მთელი საზოგადოებისთვის დამაბნეველი, გაურკვეველი განცხადება, რომ მთავარია, უყვარდეთ რუსები და ოსები და რა საჭიროა წმინდა ტაძრების, სალოცავების სიყვარული. ეს არის გაურკვეველი. მე არ ვიცი საიდან, რა მოტივაციით ამბობს ამას სასულიერო პირი. თუ გულისხმობს იმას, რომ იესომ თქვა, რომ მტრები გიყვარდეს, იესოს არ უთქვამს ის, რომ შეიძულე შენი მოყვასი და შენიანები, შენი ხალხი. და როდესაც ადამიანი გამოდის სამძიმრიდან, სადაც მოკლული ასვენია, რუსების ტყვიით და ასეთ განცხადებას აკეთებს, ფაქტობრივად, ეს არის სრულიად გაუგებარი, ულოგიკო და ამავდროულად, მიზანმიმართული ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.

ქართული დროშის აღმართვა ტაძართან, რომელიც შეიძლებოდა მიზეზად მოეყვანათ, ესეც, ანალოგიურად, სრულიად გაუგებარი იყო. ქართველებისთვის ქართული დროშის აღმართვის უფლების აკრძალვა და ამ აკრძალვის დადებით კონტექსტში განხილვა სრულიად გაუგებარია. აქედან გამომდინარე, მსგავსი განცხადებები ძალიან აზიანებს ჩვენს საზოგადოებას. მერამდენე შემთხვევაა, როცა ქართველი ადამიანი, ჩვენი თანამემამულე კვდება რუსული ტყვიით და ფაქტობრივად, ეს ყველაფერი გაატარა ჩვენმა საზოგადოებამ და შესაბამისი პასუხი არავის მოსთხოვა. მსგავსი თავგასულობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ ასეთი რამის დათმობა არ შეიძლება იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო და მათ შორის, ეკლესია ვალდებულია, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად და არ მისდიოს ამ საშინელებად ფორმულირებად, "არგაღიზიანების პოლიტიკად" მონათლულ ასეთ პრორუსულ კაპიტულანტობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ჩვენს მომავალს. ამას მშვიდობა კი არ მოაქვს, ამას მოაქვს ჩვენი განადგურება, უომრად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. როგორც ცხვარი დასაკლავად გამზადებული, ისეთნაირად უბრძოლველად, წინააღმდეგობის გარეშე, დათმობაა იმისა, რაც ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებია.

ერთმორწმუნეობა არის მითი. არაფერი ერთმორწმუნეობასთან ჩვენ არ გვაქვს. ეს არის, რასაც რუსეთი ავლენს თავიანთი საქმეებით, თავიანთი არსებითი ქმედებით, ეს არის ანტიქრისტიანობა, ეს არის ანტი ქრისტეს მსახურება და ჩვენ, მე მგონი, ქრისტეს ვემსახურებით. ჩვენი ხალხი 20 საუკუნე ქრისტეს ჯვარს ემსახურება, ქრისტიანობას ემსახურება. ამდენად [რუსეთისა და საქართველოს] ერთმორწმუნეებად მონათვლა არის დემაგოგია და მეტი არაფერი, მსგავსი რამ უნდა შეწყდეს, ზოგადად და ყველამ აღიაროს რუსები საქართველოს მოსისხლე მტრად.

ამბობს ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში დეკანოზი ზაზა თევზაძე, სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის სამძიმარზე მისული დეკანოზი ანდრია მიდოდაშვილის სიტყვების საპასუხოდ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები