გიორგი ტატუაშვილი

პროკურატურამ დმანისის ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინა

დმანისის ყოფილ მერ გიორგი ტატუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარებას ედავება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს 1 ნოემბერს დაესხნენ. დაზარალებულის თქმით, როდესაც თბილისიდან დმანისში მიდიოდა, მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 5-ჯერ ესროლეს. მომხდარ ფაქტს ტატუაშვილი თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ინციდენტში ქართული ოცნების "ზონდერებს" ადანაშაულებს

კომენტარები