გიორგი ტატუაშვილი

დმანისის ყოფილი მერი: ჩემს მანქანას 5-ჯერ ესროლეს – პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ

დმანისის ყოფილი მერი, გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ როდესაც თბილისიდან დმანისში მიდიოდა, მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 5-ჯერ ესროლეს. მომხდარ ფაქტს ტატუაშვილი თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ინციდენტში ქართული ოცნების "ზონდერებს" ადანაშაულებს

"თბილისიდან დმანისის მიმართულებით მოვდიოდი და ჩემი მანქანის მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა [...] ჩემს ავტომობილს 5-ჯერ ესროლეს და საბურავი დაეშვა. იმ სიტუაციიდან გამოვედი და მერე სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლები გზაზე შემხვდნენ, რაღაც მანიპულაცია ჩაატარეს, ის მანქანა გააჩერეს - მე მგონი, შემდეგ მაინც მიიმალა [...] მანქანა გზას მიხერგავს და მერე ისევ უკან ადევნება ხდება. შემდეგ სიტუაციიდან გამოსვლა მოვახერხე, უკან მომდევდნენ და ისროდნენ [...] ამ შემთხვევას ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებ. ყოფილი მერი ვარ, 2021 წელს კენჭს ოპოზიციიდან ვიყრიდი [...] ესენი ქართული ოცნების ზონდერები არიან, რომლებიც ასეთ საქმიანობაში არიან ჩართულები [...] ვიდეორეგისტრატორზე მაქვს გადაღებული და იმედია, იდენტიფიცირება მოხდება". - ამბობს დმანისის ყოფილი მერი.

ცნობილია, რომ ტატუაშვილი ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება.

დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება. ცნობილია, რომ ის ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება


გიორგი ტატუაშვილი დმანისის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი გიორგი ტატუაშვილი დმანისის მერობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო, თუმცა, ის ქართული ოცნების წარმომადგენელთან, კობა მურადაშვილთან დამარცხდა.

2020 წელს ტატუაშვილი ქართული ოცნების რიგებიდან გარიცხეს. მმართველი გუნდის განცხადების მიხედვით, გარიცხვის მიზეზი პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა გახდა, რაც ტატუაშვილის მიერ ოცნების კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში გამოიხატა.

 

კომენტარები