ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CIA-ის დირექტორი ისრაელში ჩავიდა და რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ბილ ბერნსი
AFP-JIJI

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორი ბილ ბერნსი 5 ნოემბერს ისრაელში ჩავიდა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტები აქვს დაგეგმილი. იგი ამ ქვეყნების დაზვერვაში კოლეგებსა და ქვეყნების ლიდერებს ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე, ასევე ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასა და ისრაელ-ჰამასის ომის ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაზრდის აღკვეთაზე დაელაპარაკება.

CIA-ის დირექტორის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს ოფიციალური პირები მუდმივი სიხშირით ჩადიან ისრაელში.

ბერნსი "დაზვერვის სფეროში, კონკრეტულად კონტრტერორიზმისა და უშიშროების განხრით, კოოპერაციის გადაწყვეტილებას გაამყარებს", - თქვა აშშ-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

CIA-ის სპიკერმა განაცხადა, რომ დირექტორის გეგმებზე სააგენტო კომენტარს არ გააკეთებს.

ბოლო პერიოდში ერაყსა და სირიაში აშშ-ს ბაზებზე შეტევები გახშირდა. ამერიკის თქმით, ამ თავდასხმებს ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები ახორციელებს. 25 ოქტომბერს ჯო ბაიდენმა მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ თუ ირანი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებს განაგრძობს, პასუხს გასცემენ.

ამას გარდა, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-მ რეგიონში ორი ავიამზიდი და დამატებით 2000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა, ხოლო 5 ნოემბერს რეგიონში ბირთვული წყალქვეშა ნავების განთავსება დააანონსა.

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ცნობით, აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოკავშირეების მეშვეობით, ირანსა და ჰამასს გაფრთხილებას უგზავნის, რომ ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ სამხედრო პასუხის გაცემისთვის მზად იქნება.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები